„ჩვენ შევდივართ ომის ახალ, ხანგრძლივ ფაზაში. მის მოსაგებად, ჩვენ უნდა დავგეგმოთ რესურსები ფრთხილად, თავიდან ავიცილოთ შეცდომები და დავაორგანიზოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერი საბოლოოდ გატყდეს“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დანებდებოდა და რუსეთის მარიონეტული რეჟიმი დაიკავებდა კიევს, მაგრამ ასე არ მოხდა და უკრაინამ რუსეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
როგორც მან აღნიშნა, საინფორმაციო სივრცე სავსე იყო მოლოდინით, რომ 9 მაისისთვის „განსაკუთრებული“ რამ მოხდებოდა, ის რაც განსაზღვრავდა ომის მსვლელობას, ან გახდიდა ცნობილს, თუ როდის დასრულდებოდა ის. რეზნიკოვის თქმით, 9 მაისი გავიდა და ახლა ისმის კითხვები: „რა არის შემდეგი, რას უნდა ველოდო და როგორ დავგეგმო ცხოვრება?“
„9 მაისისთვის რუსეთმა განიცადა სტრატეგიული მარცხი: მან ვერ შეძლო სამხედრო ინტერვენციით უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და რუსეთის მარიონეტებით ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ ვაიძულეთ რუსეთი დაეყვანა თავისი მიზნების მასშტაბები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ შევდივართ ომის ახალ, ხანგრძლივ ფაზაში. მის მოსაგებად, ჩვენ უნდა დავგეგმოთ რესურსები ფრთხილად, თავიდან ავიცილოთ შეცდომები და დავაორგანიზოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერი საბოლოოდ გატყდეს“, – თქვა მან.
რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა იცავს ევროპას და მსოფლიო ლიდერებთან სისტემატური მუშაობის შედეგად ერთ თვეში უკრაინამ მიაღწია ინტეგრაციას თავდაცვის სფეროში, რასაც 30 წლის განმავლობაში ვერ აღწევდა.
„ერთ თვეში უკრაინამ მიაღწია ინტეგრაციას თავდაცვის სფეროში, რასაც 30 წლის განმავლობაში ვერ აღწევდა. ჩვენ ვიღებთ მძიმე იარაღებს ჩვენი პარტნიორებისგან. კონკრეტულად 155 მმ M777 ჰაუბიცები [ლულიანი საარტილერიო სისტემა] უკვე განლაგებულია ფრონტთან. სამი თვის წინ ეს შეუძლებლად მიიჩნეოდა“, – თქვა მან.