შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ „ქოლ-ცენტრებს“ არ მფარველობს ხელისუფლება, პირიქით, ისინი ააშკარავებენ.
„თუ ჩვენ ვმფარველობთ [ქოლცენტრებს] და თუ ჩვენია, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? რა თქმა უნდა, ტყუილია. ჩვენ ვააშკარავებთ ნამდვილად“, – უპასუხა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, გამოძიება და სხვადასხვა უწყება მუშაობს ამ საკითხზე. როგორც ვახტანგ გომელაურმა თქვა, „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ფინანსური პოლიცია გააკეთებს განცხადებას.
„ნამდვილად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში“, – განაცხადა გომელაურმა.
დღეს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე. საგამოძიებო მოქმედებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთ საოფისე შენობაში ჩაატარა. უწყების ცნობით, შეტყობინების საფუძელზე დაიწყეს საგამოძიებო სამუშაოები, სხვა დამატებით დეტალებზე კი არ საუბრობენ.