ჩვენ უნდა დავგმოთ კატეგორიულად ის რეფერენდუმები, რაც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმი დაგმო.

„ჩვენ უნდა დავგმოთ კატეგორიულად ის რეფერენდუმები, რაც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში, რამეთუ ვიცით, რას ნიშნავს რეფერენდუმები, როცა ეს ჩატარებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ომის პირობებში, რას ნიშნავს და რა შეიძლება, იყოს. ეს არის უაღრესად ცინიკური ქმედება რუსეთის მიერ, რომელიც ჩვენთვის და მსოფლიოსთვის, ცივილიზებული ადამიანებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 23 სექტემბერს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო, რომელიც 27 სექტემბერს დასრულდება.

დონეცკსა და ლუჰანსკში მოსახლეობამ უნდა გასცეს შემდეგ კითხვას პასუხი: „მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“.

ხერსონსა და ზაპოროჟიეში შემდეგი შეკითხვები იქნება გატანილი ბიულეტენზე: 1. „გსურთ თუ არა, უკრაინისგან გამოყოფა; 2. გსურთ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა; 3. გსურთ თუ რუსეთთან შეერთება?“