ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუ საერთო ღირებულებებს არ გაატარებს - რინკევიჩი

პუბლიკა

„ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ“, – თქვა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარ რინკევიჩმა „ამერიკის ხმასთან“ რუსულ კანონზე საუბრისას.

რინკევიჩის თქმით, საქართველოს მთავრობა „შორს წავიდა“ და გადაწყვიტა, რომ შეუძლია ცხოვრება NATO-სა და ევროკავშირის გარეშე. რინკევიჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები გახდა იმის მიზეზიც, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წლევანდელ კომუნიკეში საქართველოს წევრობაზე ჩანაწერი აღარაა.

„საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და NATO-ს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე.

დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა“, – თქვა რინკევიჩმა „ამერიკის ხმასთან“.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, გააგრძელებს თუ არა ევროინტეგრაციის გზას. ეს მისი სუვერენული უფლებაა და ლატვია ვერ ჩაერევა მის გადაწყვეტილებაში, თუმცა საერთო ღირებულებებიდან და შეთანხმებული პოლიტიკიდან გადახვევის პარალელურად მხარს ვერ დაუჭერენ საქართველოს გაწევრებას ევტოატლანტიკურ სტრუქტურებში.

„მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.

ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ“, – განაცხადა რინკევიჩმა.