პარლამენტის წინ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში დადგმული კარვების გვერდით 10 დეკემბრს სხვა კარვებიც გამოჩნდა. „შეინარჩუნე სიცოცხლე“ – ასე ჰქვია ახალ ორგანიზაციას, რომელიც პროტესტს თავად საპროტესტოდ გამოსულ ოპოზიციას უცხადებს.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი შაკო კუჭაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მათი მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის სახელით საუბრის საშუალება არ მისცენ. მიუხედავად იმისა, რომ კუჭაშვილის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემას თავადაც ემხრობა, პარლამენტის წინ ოპოზიციის ნაწილის ყოფნა არ მოსწონს.
„პროპორციული არჩევნები მეც მსურს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო სისტემა და პარტია ერთმანეთისგან გამიჯნულია და სახელმწიფოს, კარგი პროპორციულის შემთხვევაში, რამდენიმე პარტია მართავს. ეს ვერ შესრულდა და მათ პროტესტს აქვს ლეგიტიმური მიზანი, თუმცა ფორმა არის დესტრუქციული“, – ამბობს შაკო კუჭაშვილი.
კუჭაშვილის თქმით, ისინი პროტესტს გააგრძელებენ, თუმცა კონკრეტულ გეგმებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.
„ჩვენი გეგმების შესახებ ეტაპობრივად შეიტყობთ. თემიდან გამომდინარე, ვიცვლით პროტესტის ხასიათს, მაგრამ ის არ გასცდება მშვიდობიან მეთოდებსა და კონსტიტუციას”.
„შეინარჩუნე სიცოცხლე“ არის ახალი ორგანიზაცია, ის დააფუძნეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შვილმოკლულმა მამებმა – სოსო რობაქიძემ, თამაზ მოლაშვილმა, თორნიკე მოლაშვილმა და ა.შ. მათ ახალგაზრდებს გვთხოვეს დახმარება და უარს ვერ ვეტყოდით. შესაბამისად, ვართ იქ, სადაც ვართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“, – ამბობს კუჭაშვილი „პუბლიკასთან“. კონკრეტულად, რა კუთხით სთხოვეს მათ დახმარება, კუჭაშვილი არ აკონკრეტებს.
ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ისინიც გამოხატვის თავისუფლებას იყენებენ და პარლამენტის წინ ამიტომ მოვიდნენ. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნას თავადაც ემხრობა, მაგრამ სურს, პროტესტს ოპოზიციის ნაწილი გამოეთიშოს.
გამრეკელის თქმით, მათ სურთ, აქციებში მონაწილე სამოქალაქო მოძრაობებთან დიალოგი დაიწყონ და პროტესტი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ. გამრეკელის აზრით, ეს აუცილებელია, რადგან აქციები ტურიზმსა და საქართველოს მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებს, ისევე, როგორც, მისი აზრით, 20-21 ივნისის მოვლენებმა დააზარალა ხალხი.