ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის მზად - უგულავა

პუბლიკა

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ერთადერთი – ნიკა მელია ციხეში არ წავა, ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს უბრალოდ თავისუფლების დასამარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფსიქოლოგიურად ვბარდებით რუსეთს“, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა  გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც ნიკა მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებნი არიან შეკრებილნი.

„ვიქნებით მტკიცედ, გინდა სპეცრაზმით მოვიდნენ, გინდა მარსიანელებთან ერთად მოვიდნენ, მაინც არაფერი არ შეიცვლება იმ გაგებით, რომ ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი. მინდა ასევე გამოვეხმაურო აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ცალსახად ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ. თქვენ ალბათ ხვდებით, რომ პოლიცია მშვიდობიანი მომლაპარაკებელი ვერ იქნება, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს, სპეცრაზმისა და ძალის მეთოდებით ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის მზად, მაგრამ პოლიციის და სპეცრაზმის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს“, – განაცხადა უგულავამ.

გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით.