ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც თავისი მმართველობის საუკეთესო ფურცლები ჯერ კიდევ არ დაუწერია! - მელიას მიმართვა ყრილობაზე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

ნიკა მელიამ ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და მათ სიტყვით მიმართა. გთავაზობთ ნიკა მელიას მიმართვის ტექსტს.

“მეგობრებო მოგესალმებით ყველაზე ძლიერ, ყველაზე გამოცდილ, ყველაზე წარმატებულ პარტიას, რომელსაც ქვეყნისთვის ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანია, მოგესალმებით – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას! უშიშარი პატრიოტების პარტიას, გამარჯვებისთვის და წარმატებისთვის დაბადებული ხალხის, მებრძოლი ერის პოლიტიკურ გაერთიანებას, გუნდს, რომელიც არასოდეს შეგუებია უკანონობას, ქვეყნის გაღატაკებას, დაბეჩავებას, სიყალბეს. ვისაც თითოეული დაბრკოლება, თითოეული გაყალბება, თითოეული მოტყუების მცდელობა, მხოლოდ აძლიერებს, მხოლოდ მოტივაციას მატებს და ახალ უფრო დიდ გამარჯვებასთან მიჰყავს

მოგესალმებით, ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ერთადერთ პარტიას, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, არ გაქრა ასპარეზიდან და საქმიანობა გააგრძელა, როგორც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ!

მოგესალმებით პარტიას, რომელმაც 2003 წელს ბნელს ნათელით სძლია და ვარდების რევოლუცია ოქროს ასოებით ჩაწერა ქვეყნის ისტორიაში, რაც იქცა უდიდეს მოვლენად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში.
მოგესალმებით საქართველოში ერთადერთ პარტიას, რომელმაც შექმნა პრეცედენტი და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

დიახ, მის აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების, არჩევნების გზით გადაბარებაც. დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც!

სხვადასხვა დროს ნაციონალური მოძრაობიდან ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, წასულან დიდებიც, წასულან ბევრნიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კი არ დასუსტებულა, პირიქით გაძლიერებულა და საინტერესოა ალბათ რატომ ხდება ყოველთვის ასე რომ ნაციონალური მოძრაობიდან მიდიან და ნაციონალური მოძრაობა ძლიერდება, რატომ იცით მეგობრებო?! – ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა არ არის პერსონების მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ნაციონალური მოძრაობა არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ვერც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს! მოკლედ ნაციონალური მოძრაობა არის მეტი ვიდრე პარტია.

ის რაც 2012 წელს შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ, ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შესძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახანს არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება.

მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც შეცდომას ისე გამოასწორებს

ქართველი ხალხი. „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია ერთი კაცის საკარმიდამოდ, და ამაზე ნუ ვიდავებთ, ეს ასე არის დღეის მდგომარეობით, სადაც აღარ არსებობს დიდი მიზნები და დიდი ღირებულებები. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა კაცმა დაიცვას და გაამრავლოს საკუთარი ფული ჩვენს ხარჯზე, ჩვენი შესაძლებლობების მოსპობის ხარჯზე, ჩვენთვის სამართლიანი, უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს არ შექმნის ხარჯზე. აი ამის საპირისპიროდ, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა და უნდა დავიბრუნოთ იმედი!

დიდი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი, რა თქმა უნდა, გვაფერხებენ. გვაფერხებენ, მაგრამ ვერ შეგვაჩერებენ, საქართველოს ისტორიას ვერ შეცვლიან, რაც არ უნდა მოიწადინოს ერის ბედისწერას ვერ გადაუფრენს ივანიშვილი! ქართველი ერის ბედისწერა გამარჯვებაა!

ამ ბედისწერამ მოგვიყვანა დღემდე, ეს ბედისწერა ვერ შეცვალა ვერც გარეულმა მტერმა, ვერც შინაურმა, ვერც თემურ ლენგმა და აღა-მაჰმად- ხანმა და ვერც სერგო ორჯონიკიძემ და ფილიპე მახარაძემ. და ამ ბედისწერას ვერ შეცვლის ვერც ივანიშვილი!

ძალიან მჯერა რომ ახლა იწყება ჩვენი ისტორიის ახალი ეტაპი – იწყება აქ და ახლა, იწყება თქვენი უშუალო მონაწილეობით! იმ ადამიანების მონაწილეობით რომლებიც ჯერ არც კი არიან ჩვენს ამ სახალხო პოლიტიკურ გაერთიანებაში, მაგრამ უახლოეს თვეებში ჩვენ გავხდებით ბევრად მეტნი, ბევრად კვალიფიციურები, ბევრად ბრძოლისუნარიანები და ბევრად განსხვავებულები. დიახ, ჩვენ ძალიან ბევრთან ერთად, დავწერთ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თავს და ამას დავიწყებთ აქ და ახლა – გამარჯვება დაიწყება აქ და ახლა!

დიახ, ნაციონალურ მოძრაობას, პოლიტიკურ ძალას, აღსავსეს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას დაგროვილი გამოცდილებით, ძალას განახლების დიდი სურვილით შეპყრობილს, ძალას, რომელმაც გაიაზრა და გადაიაზრა მიღწეული წარმატებების და დაშვებული შეცდომების არსებითი ასპექტები, აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულებაა ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობა. ჩვენ ამ ყველაფერს მორალური და კვალიფიციური პოლიტიკით მივაღწევთ; ეს არის ღირსებიდან ნაკარნახები არჩევანი, და ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვების სურვილიდან ნაკარნახები არჩევანი!

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნება, იდეა და მოტივაცია, იყოს თითოეული და ყველა თქვენგანის პარტია! პარტია, რომელიც წარმატებას მოუტანს თითოეულს და ყველას ერთად – და არა საკუთარ თავს!

ქვეყანამ უნდა გაიმარჯოს მეგობრებო, კმარა უშინაარსო ქვეყნად ყოფნა, კმარა უფსკრულისკენ სვლა! უნდა გავიმარჯვოთ ყველამ ერთად და ეს ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ!

ჩვენმა მხარდამჭერებმა, ამომრჩეველებმა უნდა განსაზღვროს ვინ წარმოადგენს მის პარტიას, როგორი უნდა იყოს ეს პარტია და როგორი უნდა იყოს მისი მოქმედების სტრატეგია თუ ტაქტიკა.

ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც ყველაზე დიდი საქმეები ჯერ კიდე წინ აქვს! რომელსაც თავისი მმართველობის საუკეთესო ფურცლები ჯერ კიდევ არ დაუწერია!” – განაცხადა ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე. სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.