ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ზემოთ ვაყენებთ საერთაშორისო სამართალს და არა შიდა კანონმდებლობას - ზურაბიშვილი

პუბლიკა

მე ვუპასუხე რუსეთის წარმომადგენელს, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა ჩვენი სტუმართმოყვარეობა, – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს დაგეგმილ ღონისძიებებზე საქართველოში რუსეთის დელეგაციის წევრების მიღების შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ განაცხადა.

„იმ დროს, როდესაც რუსეთი თავის თავს ითავისუფლებს ყველანაირი ვალდებულებისგან საერთაშორისო სამართლის მიმართ, ჩემი პასუხი ამაზე იყო, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ყველა ადგილას და ყველა მომენტში ზემოთ ვაყენებთ საერთაშორისო სამართალს და არა ჩვენს შიდა კანონმდებლობას, რომელიც პრინციპში ასეთ შემთხვევაში აგვიკრძალავდა, რომ მივიღოთ ის ადამიანები, რომელთაც გადაბიჯებული აქვთ არა ჩვენი საზღვარი, სხვა კუთხიდან შემოსულები არიან. ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება წარმომადგენელი რუსეთის მხრიდან. ამ კუთხით სწორი არის, რომ ის კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საყრდენი და არის უცვლელი…

ეს პოზიცია არის ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართლის მიმართ. მემგონი ძალიან გასაგებად ვთქვი. ნუ მათქმევინებთ იმას, რაც არ არის ჩემი როლი. მე არ ვპატიჟებ არავის ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიცი, რაც არის ჩვენი პოზიცია, ზუსტად რომ საქართველო არის საერთაშორისო სამართლის მიმართ პატივისმცემელი, ერთგული და ასე იქნება მუდამ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა სალომე ზურაბიშვილს ასე მიმართა: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებლურ ღონისძიებებს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებისა და რელიგიური, ეროვნული თუ სხვა უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“

სალომე ზურაბიშვილმა რუსი დეპუტატის კითხვაზე პასუხად კი განაცხადა: „ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული პოლიტიკისგან განსხვავებით, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს.

ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ მიიღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“.