ჩვენ ვილაპარაკეთ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნაზე | სამნიძე მიშელთან შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი საკუთარ სერიოზულ როლს ხედავს პოლიტიკური დაპირისპირების გადაწყვეტაში, ისე, რომ ხელისუფლებამ საკუთარი პასუხსიმგებლობა გაიაზროს და კომპრომისზე წავიდეს.

„ჩვენ ვილაპარაკეთ ძირითად პრობლემაზე, რაც არის დღეს ქვეყანაში – ეს არის პოლიტიკური დევნა. როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა, შეუძლებელია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ენდობოდეს ორი მხარე ერთმანეთს, ან შესაძლებელი იყოს ორ მხარეს შორის დიალოგი. ამიტომ პირველი ამოცანა ყველა იმ საკითხთან ერთად, რომლებზეც ოპოზიცია ლაპარაკობს, არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, შარშანდელი 8 მარტის შეთანხმების შესრულება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირი არ აპირებს ყურადღების მოდუნებას და მხოლოდ განცხადებებით შემოფარგვლას. სამნიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა მიმდინარე პროცესებში სამომავლოდ გაიზრდება და მხარეები მოლაპარაკებას მიაღწევენ.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში გუშინ, 28 თებერვალს ჩამოფრინდა.

ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს და მოინახულა საოკუპაციო ხაზი.