ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა – „გუშაგები“ დააფუძნეს. ახალგაზრდების თქმით, პროტესტი არ შეწყდება და არ გაჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ საერთო მიზანს.
„ეს ისტორიული მაგალითია, რადგან ბათუმში მთავარი და ისტორიული პროცესები ყოველთვის იწყებოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მინდა, მივმართო ყველა სტუდენტს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არ დგას, შემოგვიერთდეს სამომავლოდ ამ დიდ ბრძოლაში, რომელსაც ვიწყებთ დღეს უნივერსიტეტიდან და სამომავლოდ გავაგრძელებთ ქალაქის ქუჩებში და ყველგან ვიქნებით, სადაც საქართველოს ბედი წყდება. დღეს დაფუძნდება ახალი ახალგაზრდული მოძრაობა „გუშაგები“ და მინდა, გითხრათ, რომ დღეიდან ჩვენ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის გუშაგები, ჩვენი ხმების გუშაგები, ჩვენი თავისუფლების გუშაგები, ჩვენი ევროპული მომავლის გუშაგები და არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ მივაღწევთ საერთო მიზანს – თქვა სტუდენტმა მათე ცენტერაძემ.
ახალგაზრდებმა რექტორისა და ადმინისტრაციის წევრების წინააღმდეგ ბრალდებები გააჟღერეს და თქვეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩართულები იყვნენ როგორც წინასაარჩევნო აგიტაციაში, ისე არჩევნების გაყალბებაში.
„ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ გაყალბებულ არჩევნებში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და თავისი წარმომადგენლები, კერძოდ სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რექტორი მოვალეობის შემსრულებელი ღიად იყვნენ ჩართულები ამ გაყალბების პროცესში“, – თქვა სტუდენტმა, არჩილ ბერიძემ.