ჩვენ ვრეაგირებთ ფეისბუკში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე – MDF პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს

პუბლიკა

16 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედიის განვითარების ფონდს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას Facebook-გვერდზე 11 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტის შესწავლისა და უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების თხოვნით მიმართა.  ინფორმაციას ამის შესახებ mdf ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა შეისწავლა და აღნიშნული საკითხი სოციალურ ქსელ ფეისბუკში მათი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

„2020 წლის სექტემბერში მედიის განვითარების ფონდის პლატფორმა „მითების დეტექტორი“ ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ფეისბუკის პარტნიორი გახდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვრეაგირებთ ფეისბუკში ვირუსულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე. ფეისბუკის პოლიტიკის თანახმად, აღნიშნულ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გადამოწმება ჩვენი  პროგრამული ამოცანის მიღმაა“. – ვკითხულობთ განცხადებაში. 

ნიკა გვარამიას პოსტის გამო რეაგირებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე და აცხადებს:

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც დადგენილი სტანდარტებით აფასებს მედიაპროდუქტის ეთიკურობას. სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ტელეკომპანია „მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც მან Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი.”

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას.