„ჩვენ ვრეაგირებთ თავისუფლების შეზღუდვაზე“ - პენცენტრი სამომავლო გეგმებზე

პუბლიკა

„გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს დგას ქართული კულტურის სფერო, საქართველოს PEN ცენტრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, როგორც ახალ პლატფორმას შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, “- ამბობენ საქართველოს პენცენტრში.

დღეს, „მწერლების ბარში“ საქართველოს პენცენტრის წარმომადგენლებმა ახალ ხედვებსა და სტრატეგიაზე ისაუბრეს. საღამო პენცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა გახსნა.

„პენცენტრს აქვს ახალი სიცოცხლე, ახალი სუნთქვა, ჰყავს ორი ძლიერი ქალი ხათუნა და ნატაშა…დღეს ძალიან მნიშვნელოვანია „პენის“ სიცოცხლე და გააქტიურება, იმიტომ რომ სახელისუფლებო მხარეს, გულწრფელად უნდა ვთქვათ, აღარ დარჩა სივრცე, სადაც ხელოვანები, მწერლები, გამომცემლები და  საზოგადოების ის წევრები, რომლებიც დაკაშირებულები არიან ლიტერატურასთან, ჟურნალისტიკასთან თავს აღარ გრძნობენ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, კომფორტულად, რადგან ეს სივრცეები, ეს საზოგადებრივი სიკეთეები ხელისუფლების მიერ მიტაცემულია”, – ამბობს რატი ამაღლობელი.

როგორც მან თქვა, ერთი თვის წინ ორგანიზაციაში ჩატარდა არჩევნები და პენცენტრმა პირველად აირჩია ქალი პრეზიდენტი, მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას კი კულტურის მენეჯერი, „მწერალთა სახლის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ნატაშა ლომოური დაიკავებს.

სწორედ ნატაშა ლომოურმა ისაუბრა ორგანიზაციის სამომავლო ხედვაზე. მან თქვა, რომ პენცენტრის გარშემო შემოკრებილ ხალხს აქვს ცოდნა გამოცდილება და მოტივაცია, მაგრამ ამ ეპატზე მეტი არაფერი აქვს, ამიტომ ძალიან სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა.

„ძლიერი პენცენტრის ნიშნავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, ნიშნავს  განვითარებაზე და განათლებაზე ორიენტირებულ ინტელექტუალურ ძალას და ნიშნავს გამოხატვის თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე ყოფნას.

ისე გამოვიდა, რომ კუტურის მოთვინიერების მცდელობის საპასუხოდ კულტურის რამდენიმე სფეროში დაიწყო დამოუკიდებელი პროცესები. სულ რამდენიმე კვირის წინ კინოს სფეროში მოხდა დამოუკიდებელი კინოინსტიტუტის პრეზენტაცია, მუზეუმის თანამშრომლებმაც გააკეთეს გაერთიანება, მნიშვნელოვანი ძვრებია თეატრის სფეროშიც. ჩვენ ვრეაგირებთ ჩვენი თავისუფლების შეზღუდავზე და ეს რეაქცია კარგია და აუცილებელი, “- თქვა ნატაშა ლომოურმა.

როგორც ის ამბობს, ქართულ პენცენტრს ექნება საქმიანობის ორი მთავარი მიმართულება –  გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.

„ბუნებრივია ამ მიმართულებებს აქვს ქვემიმართულებები. მაგალითად, ლიტერატურის პოპულარიზაციის ნაწილში გვინდა აღვადგინოთ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, ასევე, გვინდა ჩავატაროთ თავისუფალი „ლიტერა“, ვნახოთ როგორ მოვახერხებთ, “- თქვა ნატაშა ლომოურმა.


PEN მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავდაპირველად აერთიანებდა პოეტებს, ესეისტებსა და პროზაიკოსებს, მოგვიანებით კი უფრო ფართო სპექტრის სამწერლო პროფესიების წარმომადგენელ ორგანიზაციად იქცა. ის ამჟამად ასზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. საქართველო საერთაშორისო PEN-ს 1991 წელს შეუერთდა.