27 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.
ყადაღას, რომელიც როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე – ევროკავშირმა და ევროპულმა ქვეყნებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს, „ქართული ოცნება” ახსნას ანტიდასავლური პროპაგანდისტული ნარატივების გამოყენებით უძებნის და არც ამ შემთხვევაში ერიდება ევროპულ ქვეყნებზე თავდასხმას.
მაგალითად:
29 აგვისტოს ბრიტანეთის საელჩომ ქვეყნის სახელით შეშფოთება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით და განაცხადა:
„გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება”.
პასუხად „ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავს დაესხა ბრიტანეთის საელჩოს და მის განცხადებას „არამეგობრული” უწოდა, რომელიც „რამდენიმე კვირის წინ ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას ცდილობდა”.
„მე მაშინ მოვუწოდე საელჩოს, რომ, ამ საკითხზე ეჭვების გასაფანტად, ყოფილიყო სრულად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აეხსნა, თუ როგორ აღმოჩნდა, რომ საელჩო პარტიული, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ცდილობდა და ასევე გაესაჯაროებინა, თუ ვის აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების პერიოდში.
ტრადიციულად, საელჩომ, ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა. სანაცვლოდ კი, ქართველი ხალხის მიმართ, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ“. – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
„დიდმა” ბრიტანეთმა, რომელიც უკვე კარგა ხანია აღარ არის „დიდი“, აშკარად იტანჯება კოლონიზატორული წარსულის ქავილისგან, და რატომღაც თავის „სიდიდის“ დემონსტრირება საქართველოსთან გადაწყვიტა. ლონდონი უკვე მერამდენედ გვაწუხებს, ყოფს ცხვირს ჩვენს საქმეებში, აფინანსებს დესტრუქციულ ძალებს, მოკლედ აკეთებს ყველაფერს რომ აქ მისი მარიონეტული მთავრობა დასვას. რა გინდათ, რას გვერჩით? აკეთეთ საქართველოში ბიზნესი თუ გინდათ, გექნებათ ყველანაირი პირობა.
ჩვენს საშინაო საქმეებში კი ნუ ერევით, ისევე როგორც საქართველო არ ერევა თქვენსაში, თორემ ჩვენ გამოვძებნით თემებს, თუ მოვინდომებთ. ომს მშვიდობა სჯობს, მაგრამ ჩანს, რომ ეს არ გსურთ”. – თქვა „ქართული ოცნების” „ექსპერტმა” ზაალ ანჯაფარიძემ, რომლის მსგავს განცხადებებს „ოცნების” პროპაგანდისტული მედია სამთავრობო მესიჯების გასავრცელებლად იყენებს.
კონტექსტი:
გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს, „ქართული ოცნების” პროკურატურაში 2025 წლის 8 თებერვალს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
გამოძიება „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება”.
ამ გამოძიების ფარგლებში 2025 წლის მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ფონდების ანგარიშებიც.
„ქართული ოცნების” ეს გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვია ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამ – კობახიძემ პარტიის სახელით თქვა, რომ „ქართული ოცნება” აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ.
ევროინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციები „ოცნებამ” ძალადობრივად, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დააპატიმრეს ასობით ადამიანი, რომლებიც პოლიციელთა მხრიდან ცემასა და წამებაზე ლაპარაკობდნენ. მათგან სისხლის სამართლის კოდექსით დააპატიმრეს 60-ზე მეტი ადამიანი.
„ქართული ოცნების” პროპაგანდისტულმა მედია „იმედმა” ასევე გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციების შესყიდვების „მათ მიერ მოპოვებული” დოკუმენტები და „ოცნების” პროკურატურის მსგავსად ირწმუნება, რომ ესენია NGO-ების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში” მონაწილეობის მტკიცებულებები.
პროპაგანდისტული მედიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, მაგალითად, „სამართლიანმა არჩევნებმა” 2024 წელს 18 რესპირატორი და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარამდე გადაიხადა.
სამთავრობო „იმედი” ხაზს უსვამს, რომ „ძალადობრივი აქციები უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების მიერ იყო ორგანიზებული”.
ამავე დროს, „იმედი” მუდმივად აღინიშნავს, რომ მათ „კითხვით მიმართეს „UNDP-ის, ასევე ევროკავშირის, შვეიცარიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოებს, იცოდნენ თუ არა, რომ მათ მიერ გაღებულ ფინანსებს ISFED აღჭურვილობის შესაძენად იყენებდა?” და დასძენს, რომ „პასუხი ჯერ არ მიუღიათ”.
სამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2-ის” 28 აგვისტოს სიუჟეტში ნათქვამია:
„ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ 7 არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოელი დონორებისგან მიღებულ დიდ ფინანსურ რესურსს ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყენებდა”.
„ვინ მონაწილეობდა შესაძლო ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში – „ქართული ოცნება” გამოძიების შედეგს ელოდება და ამბობს, რომ საბოლოო დასკვნამდე თავად არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მათი უცხოელი პარტნიორებიც ვეღარ მალავენ, რომ მათი საერთო მიზანი საპროტესტო მუხტის გაღვივება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო”.
ამავე სიუჟეტში ვხვდებით „ოცნების” წევრ თენგიზ შარმანაშვილის და „ოცნების” სატელიტი პარტიის, „ხალხის ძალის” წევრის, დიმიტრი ხუნდაძის შემდეგ კომენტარებს:
თენგიზ შარმანაშვილი: „მდიდარი ენჯეოები ფინანსდებოდნენ USAID-ისგან, NED–ისგან და სხვა ორგანიზაციებისგან ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით”.
დიმიტრი ხუნდაძე: „ის, რომ თითქოს ისინი, მათი თქმით, იცავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მგონი ამისთვის არ არის საჭირო პიროტექნიკა, წიწაკის სპრეი და მით უმეტეს, მოლოტოვის კოქტეილები. ისინი არიან დაქირავებული გარე დაფინანსებით იმისთვის, რომ შიდა არეულობა მოაწყონ”.
ამავე დროს ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.
1 სექტემბერს „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მათ ევროკომისიას პასუხი „დათქმულ ვადაში გაუგზავეს”. თუმცა, პასუხი არ გაუსაჯაროებიათ.
საქართველოში ყველაზე დიდი საარჩევნო სადაკმვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას და ვიზალიბერალიზაციის საფრთხეს საერთო კონტექსტში ხედავს და ამბობს, რომ ყველა ნაბიჯი, რაც „ქართული ოცნების” მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი დასავლეთის წინააღმდეგაც არის მიმართული.
„ორგანიზაციების გარკვეულ დატვირთვას ატარებს ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხითაც. ამოიწურა უვიზო მიმოსვლითვის საჭირო რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობისთვის მიცემული ვადა.
ასეთი ქმედებები [ყადაღა] მნიშვნელოვნად აზიანებს ამ პროცესს. ევროკავშირში გაწევრების პროცესი რომ ჩერდება, ამაზე ირაკლი კობახიძემ გასულ წელს პირდაპირ განაცხადა, ეს არის [ყადაღა] დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია. ის, რაც მიმართულია ჩვენ წინააღმდეგ, მიემართება დასავლეთსაც”. – ამბობს ლევან ნატროშვილი და ხაზს უსვამს „ოცნების” პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთის აგენტები, დასავლეთის მიერ დაქირავებულები არიან, რომლებიც მათ ინტერესებს ატარებენ.
„ხოლო ეს ინტერესია, რომ საქართველოში არეულობა იყოს და ხელისუფლება შეიცვალოს. ეს მთლიანად ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია და ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველო შეიძლება ძალიან სერიოზული იზოლაციის მსხვერპლი აღმოჩნდეს და დადგეს ფაქტის წინაშე, რომ არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო ჩვენთან პარტნიორობას არ მოისურვებს. შეიძლევა, ავტორიტარიზმი იმ დონეზე განვითარდეს, რომ დიქტატურაც კი ჩამოყალიბდეს”. – ამბობს ნატროშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად საქმიანობას გააგრძელებენ“.