ჩვენ ყველაფერს დავძლევთ, ჩვენი ხალხი მათი შთამომავალია, ვინც ნაციზმი დაამარცხა - ზელენსკი

პუბლიკა

„ჩვენ ზამთარს დავძლევთ, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, 8 მაისს გრძელდება, მაგრამ ნამდვილად დამთავრდება და მას უკრაინის მზე დაადნობს. და ჩვენ მთელ ქვეყანასთან ერთად შევხვდებით ჩვენს განთიადს. და ოჯახი და საყვარელი ადამიანები, მეგობრები და ნათესავები კვლავ ერთად იქნებიან! კვლავ, საბოლოოდ! და აღარ იქნება შავ-თეთრი სიზმრები, მხოლოდ ლურჯ-ყვითელი. კვლავ, საბოლოოდ! ჩვენი წინაპრები ამისთვის იბრძოდნენ.

სამუდამო პატივი ყველას, ვინც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდა.

სამუდამო ხსოვნა ყველას, ვინც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა!“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოში, რომელიც ბოროდიანკაში დაბომბილი ცხრასართულიანი კორპუსის ფონზეა ჩაწერილი.

ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში ზელენსკი აცხადებს, რომ დღეს პატივს მიაგებენ ყველას, ვინც სამშობლოს და მსოფლიოს ნაციზმისგან იცავდა და აღნიშნავენ უკრაინელი ხალხის გმირობას და წვლილს ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვებაში.

„აფეთქებები, სროლები, სანგრები, ჭრილობები, შიმშილი, დაბომბვა, ბლოკადები, მასიური მკვლელობები, სადამსჯელო ოპერაციები, ოკუპაცია, საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის კაბინები, ყვითელი ვარსკვლავები, გეტოები, ბაბი-იარი, ხატინი, ტყვეობა, იძულებითი მუშაობა. ისინი დაიღუპნენ, რათა თითოეულმა ჩვენგანმა ამ სიტყვების მნიშვნელობა წიგნებიდან იცოდეს და არა ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან. მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ეს უსამართლობაა მათდამი, ყველასადმი. მაგრამ სიმართლე გაიმარჯვებს. და ჩვენ ყველაფერს დავძლევთ!

ამის დასტურია ე.წ “ვერვოლფი”. ეს ჰიტლერის ყოფილი შტაბი და ბუნკერია ვინიციასთან ახლოს. და მისგან სულ რამდენიმე ქვაა დარჩენილი. ნანგრევები. იმ ადამიანის ნანგრევები, ვისაც თავი დიდებულად და უძლეველად მიაჩნდა. ეს ჩვენთვის, ყველასთვის და მომავალი თაობებისთვის გზამკვლევია. ისაა, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და დაამტკიცეს, რომ ვერანაირი ბოროტება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ბუნკერში დამალვას ვერ შეძლებს. მისგან ქვაც კი აღარ დარჩება. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს დავძლევთ. და ჩვენ ეს დარწმუნებით ვიცით, რადგან ჩვენი ჯარი და ჩვენი ხალხი მათი შთამომავალია, ვინც ნაციზმი დაამარცხა. ისინი კვლავ გაიმარჯვებენ“, – ამბობს ზელენსკი.