კოლეგები „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს წერილს უგზავნიან, რომელსაც ხელს მზიას 150-მდე კოლეგა აწერს. წერილს ამაღლობელს „ვივამედში” დღეს შეუტანენ.
„ძვირფასო მზია,
ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს უსამართლობასთან დაპირისპირება, თუმცა, კარგად გვესმის, რომ ეს ვერ შეედრება უსამართლობის იმ მასშტაბს, რასაც „ქართული ოცნების” ხელისუფლება ახლა შენ მიმართ იყენებს! ასევე, კარგად გვესმის ამ უსამართლობასთან შენი უკომპრომისო ბრძოლის არსი – ეს ბრძოლა სრულიად ფასდაუდებელია და თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენას ემსახურება!
მაგრამ უკვე 33-ე დღეა შენი შიმშილობის და ჩვენ ძალიან გვეშინია! – გვეშინია შენი ჯანმრთელობის, შენი სიცოცხლის გამო!
ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა! ამიტომ გვჯერა, რომ ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია – ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება!
გვენატრები, გვიყვარხარ და ძალიან გვჭირდები!”, – ნათქვამია წერილში.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 33-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.
7 თებერვალს ამაღლობელი „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. ექიმების საერთო პოზიციაა, რომ რადგან მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, ის კლინიკაში უნდა დარჩეს. ამაღლობელმა ექიმებს უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება უნდა.
10 თებერვალს „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტს გააცნეს 30-დღიანი შიმშილობისას შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმაცია, რაც მზია ამაღლობელმა გაითვალისწინა და ის მონიტორინგის მიზნით, კლინიკაში რჩება.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.