ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება:
„თქვე უღმერთოებო!!! როგორ მოკალით ახალგაზრდა კაცი ცემაში?” – ეს არის ის, რაც ბუნებრივად მოდის ჩემი გულიდან. მაგრამ, მესმის, რომ ასეთი ტონი ოფიციალურ განცხადებას არ მიესადაგება. ის, რაც ღვთისმსახურის სათქმელს მიესადაგება არის ის, რომ დღეს ჩვენ ყველას ხელი გვაქვს ახალგაზრდა კაცის სისხლში გასვრილი ზოგს მოქმედებით და ზოგს უმოქმედობით, ზოგს ლაპარაკით, ზოგს დუმილით, სასულიერო პირებს, რომლებმაც წააქეზეს ათასობით ადამიანი, თუ სახელმწიფოს, რომელმაც ეს კაცი არ დაიცვა, თუ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩუმად, თუ ხმამაღლა ამართლებდნენ და გაგებით ეკიდებოდნენ აგრესიულ თავდასხმებს.
ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ასევე ტელეკომპანია ტვ პირველსა და ყველა მის კოლეგას, რომლებმაც დაკარგეს შვილი, ძვირფასი მეგობარი, ერთგული ადამიანი, ერთგული პროფესიონალი.
ლექსო ლაშქარავას სახით მთელმა საზოგადოებამ დაკარგა საუკეთესო ადამიანი, რომელიც თავისუფლებისა და სამართლიანობის მხარეს იდგა. ის დღეს დგას იმ მსხვერპლთა გვერდით, რომელთაც სიცოცხლე შეწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მათ შორის, პირველ რიგში, გვახსენდება 9 აპრილის მსხვერპლები, რომელთაც ქვეყნის მომავალს შესწირეს თავი.
დაე, ეს იყოს უკანასკნელი სისხლის ღვრა, უკანასკნელი ძალადობა ჩვენს სამშობლოში, რომელიც არ იმსახურებს იმას, რომ მის მოქალაქეებზე რელიგიის, ღმერთის, ეკლესიის სახელით ძალადობდნენ” – წერს სონღულაშვილი.
დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.