ჩვენი ალტერნატივა ვერ იქნება პუტინის აგრესორი რუსეთი, რომელიც განწირულია იზოლაციისთვის - დავითულიანი

პუბლიკა

„ევროკავშირი არის ჩვენი იდენტობის გადარჩენისა და ამ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზა, სხვა გზა უბრალოდ ამ ქვეყანას არ გააჩნია“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობებში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული საქართველოსგანაც, როდესაც არასაკმარისი დემოკრატია გვქონდა იმისთვის, რომ ევროპაში ინტეგრაცია დაგვემსახურებინა თუმცა, ასევე ბევრი შეცდომა იყო ევროკავშირის მხრიდანაც.

„1921 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთს შეგვატოვეს გეოპოლიტიკური გადანაწილებისას, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის დასჯის ნაცვლად, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას მიემხრნენ; ცოტა ხნის წინ, სრულიად უსაფუძვლოდ, კანდიდატის სტატუსზე გვითხრეს უარი და ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნისგან განსხვავებით გადაგვივადეს… ახლაც უსამართლობაა, როდესაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის უსაფუძვლო გათავისუფლებასა და ევროპერსპექტივას შორის ტოლობის ნიშანი ისმება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე სხვა ალტერნატივა გაგვაჩნია. მით უმეტეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ალტერნატივა ვიღაცის თავში შეიძლება იყოს მილოშევიჩის გზაზე შემდგარი პუტინის აგრესორი რუსეთი, რომელიც განწირულია იზოლაციისთვის ან უკეთეს შემთხვევაში დემოკრატიზაციისთვის, თუ დაემორჩილება ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესებს, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია და ამ პერსპექტივას იდეაშიც არავინ განიხილავს“, – განაცხადა დავითულიანმა. 

დავითულიანი ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვისას მნიშვნელოვანია მოუსმინონ მოქალაქეებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტის განხილვისას მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებსაც და ის სიტყვათა წყობა, რასაც ჰქვია „უცხო ძალის გავლენის აგენტი“ – რომელთა დაკავშირებით პრობლემა აქვს ევროკავშირსაც, პრობლემა აქვს ამ სექტორში დასაქმებულ ათასობით კეთილსინდისიერ მოქალაქესაც, რადგან კონოტაცია აღქმაში იქნა უარყოფითად მიღებული. ამიტომ როდესაც იქნება შინაარსის განხილვა, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ შევძლოთ იმგვარი კონსენსუსის მიღწევა, რომელიც ფორმულირებაში მისაღები იქნება ევროკავშირისთვის და ჩვენი მოქალაქისთვისაც, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენისას, კონსენსუსის მიღწევა მნიშვნელოვანია:

„ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელობა აქვს, ჩვენ შევძლოთ იმგვარი კონსენსუსის მიღწევა, როდესაც იქნება შინაარსის განხილვა და არა პრინციპების, მეორედ მოსმენისას იმგვარი კონსენსუსის მიღწევა, რომელიც მისაღები იქნება ფორმულირებაში ევროკავშირისთვისაც და ათასობით იმ მოქალაქისთვისაც, (ჩვენი ძალიან ახლობლებისთვისაც, ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის). მე მგონია ეს არის არსებითი და იმედი მაქვს პრინციპების დონეზე მიღების შემდეგ, როცა ეს მეორე საკითხი დადგება, ჩვენ ამ კონსენსუსის მიღწევას შევძლებთ, სხვაგვარად, ჩემი აზრით, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ამ მიმართულებით“, – განაცხადა დავითულიანმა.