ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მშვიდად გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის დამსახურებული მონაპოვარია.

„ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას მიენიჭა დამსახურებულად. ჩაიწერა პირდაპირ, ღიად, საჯაროდ, რომ ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისკენ მისწრაფების, მათი ერთგულების, შეუპოვრობის, პრინციპულობის, ბრძოლის, ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის აღიარებაც.

მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და ვულოცავ ხალხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ როგორც კი საქართველო შეასრულებს პირობებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მისი თქმით, ეს მოტივაციაა ხელისუფლებისთვის, რომ დროულად შესრულდეს ევროკავშირის ყველა პირობა იმისთვის, რომ დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც იქნა განსაზღვრული, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა მან.

პრემიერმა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მისი თქმით, ეს სტატუსი ამ ქვეყნებმა მიიღეს როგორც „წამახალისებელი საჩუქარი“ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამის საქართველოს ხელისუფლებას არ შურს.

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება არის ამისთვის მზად“, – განაცხადა მან.

პრემიერმა მზაობა გამოთქვა კონსტრუქციული დიალოგისთვის პოლარიზების დასასრულებლად. პრემიერის თქმით, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ოპოზიციამაც.