ევროკომისიამ 2024 წლის გაფართოების ანგარიში წარადგინა. კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების პროგრესის შეფასების პრეზენტაცია გააკეთეს ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.
ბორელის განცხადებით, ანგარიში საქართველოს მთავრობას სთავაზობს ევროკავშირთან დაახლოების მკაფიო გზას და თუ საქართველოს ხელმძღვანელობაში ამის პოლიტიკური ნება იარსებებს, მათ უნდა გააუქმონ რუსული და ჰომოფობიური კანონები.
„საქართველომ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც მნიშვნელოვანი დარღვევებით გამოირჩეოდა, და ამაზე აუცილებელია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება და რეაგირება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად, მაგრამ არც საწინააღმდეგო პოზიცია დაუკავებიათ. აქედან გამომდინარე, საჭიროა გამოძიება, რათა ცხადი გახდეს, რა მოხდა, რამდენად ხშირი იყო დარღვევები და როგორ იმოქმედა ამან არჩევნების შედეგზე.
ეს აძლიერებს იმ ტენდენციას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო თვეებში ვხედავთ: ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს, მის ღირებულებებსა და პრინციპებს.
ჩვენი ანგარიში გვთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირთან ხელახალი დაახლოებისთვის, თუ საქართველოს ხელმძღვანელობას ამის პოლიტიკური ნება ექნება, ესენია: უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება, რაც დამთრგუნველ ზეგავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, ასევე ე.წ. ოჯახის ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, რადგან დისკრიმინაცია მიუღებელია ჩვენს ევროპულ ოჯახში.
ეს იქნებოდა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.