ჩვენი დამკვირვებლების მიერ 199 საჩივარი დაიწერა - ISFED

პუბლიკა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ კენჭისყრის მიმდინარეობა და უბნის დახურვის პროცესი შეაფასა. მათი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 104 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 95 საჩივარი. მათი თქმით, 56 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. 

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარებდა.

თუმცა, მათი თქმით, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედეს.

„დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემის რამდენიმე შემთხვევა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩათ ამომრჩეველთა ხელმოწერები. დაფიქსირდა ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა. ხშირი იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და ჰქონდა განგრძობადი ხასიათი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.