ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს ამას - ხაზარაძე საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემის კანონზე

პუბლიკა

„ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს ამას”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ  „TV პირველის” ეთერში განაცხადა. ის პასუხობდა კითხვას, თუ რა აზრის არის „საპატრიარქოსთვის ტყეების დაკანონებასთან დაკავშირებით”.

„საპატრიარქოზე ტყეების დაკანონება არ მომხდარა დღეს. ეს ტყეები გადაცემული იყო ძველ ტაძრებზე. პირდაპირ გეტყვით, რომ გელათის გარშემო ტყე უნდა იყოს დაცული, მარტივად რომ ვთქვათ, თან ძველ ტაძრებზეა აქ საუბარი. დაცული [უნდა იყოს] იმიტომ, რომ სამწუხაროდ, კორუფციისა და ადგილობრივი ჩინოვნიკების და ადამიანების, რომელთაც ხანდახან მადა ეხსნებათ, შეიძლება ვიღაცამ გადაწყვეტოს ერთ დღეს და  პირობითად  გელათის გარჩემო ტყეში ვილა ჩადგას.

ამიტომ თუ ისტორიულად ეკლესია პატრონობდა, მის გარშემო ტყის დაკანონება მე პრობლემად არ მიმაჩნია”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკას – ეკლესია უკეთესად მიხედავს ტყეს და სახელმწიფო ვერ მიხედავს, ამის თქმა გინდათ და აუცილებლად უნდა იყოს ეკლესიის კუთვნილება? ხაზარაძე პასუხობს:

„ჩვენ სახემწიფო ვართ დღეს? ჩვენ არ ვართ სახელმწიფო. გადაგიფრენიათ თქვენ საქართველოს თავზე, როგორი ხე-ტყის ჩეხვა მიდის, ნანახი გაქვს რა ვანდალობა მიდის?! მე ნანახი მაქვს ეს ყველაფერი.

ამიტომ მე მირჩევნია, რომ ის, რაც ისედაც იყო მათი – არ იყო კერძო საკუთრებაში, როგორც ვიცი უზუფრუქტში იყო, დღეს უბრალოდ დაკანონდა, ამაში დიდ და განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს ამას…

იყო რაღაც გადაცემები, რომ ეკლესიამ ვიღაცის მიწა მიითვისა, რა თქმა უნდა ამაზე არ ვსაუბრობ, კანონმა უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი”, – აღნიშნა მან.


22 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ტყის კოდექსი” და ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს.

კანონში შესული ცვლილებებით,  მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, გარემოს დაცვისა სამინისტროს შუამდგომლობით, შესაძლებელია, რომ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მოქალაქეებმა შექმნეს პეტიციაც „საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ”.