ჩვენი გუნდი მზადაა თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებისთვის - კერესელიძე

პუბლიკა

გიორგი გახარიას თანაგუნდელი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ მათი გუნდი მზადაა თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც.

კერესელიძის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, „ქართულმა ოცნებამ“ კი რეალურად აღებული პროცენტის ბოლომდე დამტკიცება ვერ შეძლო.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. „ქართულმა ოცნებამ” იმ პროცენტის, რაც რეალურად აიღო, სიმართლის ბოლომდე დამტკიცება ვერ შეძლო.

როდესაც ხარ მმართველი ძალა და ხელისუფლება, კეთილი უნდა ინებო და ეს პოლარიზაცია, რაც დღეს მოსახლეობაშია, უნდა განმუხტო. ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებს ერთპროცენტიანი, სამპროცენტიანი თუ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება. ხალხს უჭირს, ძალიან დიდი სიდუხჭირეა და ამ კინკლაობაში ჩართვას, სჯობს, ამ პანდემიის ჟამს ქვეყანას მივხედოთ. ჩვენი გუნდი მზადაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც – მზად ვართ, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა კერესელიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრების საპასუხოდ, რომ გიორგი გახარია რეიტინგული სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, კერესელიძე ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში „ოცნების“ შედეგი გახარიას დამსახურებაა.

გახარიას კიდევ ერთი თანაგუნდელი ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ყოფილი პრემიერის თანაგუნდელ მაჟორიტარებს პარტიასთან შედარებით, ხუთი-ექვსი პროცენტით მეტი ხმა აქვთ აღებული. მისი თქმით, დეპუტატები მანდატს არ დათმობენ.


პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი ყოფილ პრემიერთან ერთად პარტიის მშენებლობაზე გადაერთვებიან. ხოჯევანიშვილისვე განცხადებით, ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან.

დეპუტატებს შორის არიან გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი.

გიორგი გახარიას გუნდს კრიტიკულად აფასებს როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია, რომელსაც არ სჯერა, რომ გახარია „ქართული ოცნების“ რეალური ოპონენტი იქნება.