„ჩვენს მხარდამჭერებსა და პარტნიორებთან ერთად კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი გუნდი უარს აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე“, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის „ენმ – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა ბრიფინგზე განაცხადა.
ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მანდატები, რომლებიც ხელისუფლებამ პარტიას გადასცა, რეალურად არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.
„31 ოქრტომბრის არჩევნები გააყალბა ხელისუფლებამ ეს საზოგადოებამ თავისი თვალით ნახა და დოკუმენტურადაც დასტურდება. ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო სპეცოპერაცია და ამას უმკაცრესი და ძალიან უარყოფითი შეფასებები მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ანგარიშგასაწევი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს“, – აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ბაგრატიონმა ხვალ, 3 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლთან აქციაც დააანონსა. მისივე თქმით, აქციაში მონაწილეობას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში მოქმედი ოპოზიციური პარტიები მიიღებენ.