ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანია ნანგრევებში, 2 გამოდის კონტაქტზე - გომელაური

პუბლიკა

ბათუმში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მინისტრმა მედიასთან ჩამონგრეული კორპუსისა და ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ნანგრევებში მოყოლილია დაახლოებით 10-15 ადამიანი, ორი მათგანი ხაზზეა მაშველებთან.

„რა მოხდა, ყველამ ნახეთ. მძიმე სიტუაციაა. ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, 10 -15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში. ორი ადამიანი გამოდის კონტაქტზე, ტელეფონზე გვესაუბრებიან. ვერ გვიხსნიან, სად არიან. ასეულობით მაშველია ჩართული.

იყო რამდენიმე ვერსია, გაზის ვერსიაც განიხილებოდა. ჩვენი ინფორმაციით, ქვემოთ მიდიოდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება, ეს იყოს მიზეზი საყრდენი კედლის გამოცლის ან კიდევ სხვა მიზეზი. ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვით. მიმდინარეობს გამოძიება”, – ამბობს ვახტანგ გომელაური.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩამონგრეული კორპუსიდან ადამიანების ხმა ისმის. ისინი შველას მოითხოვენ.

კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ვრცელდება რამდენიმე ვერსია. მათგან ერთ-ერთია კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ასევე, ადგილზე მისვლას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც გეგმავს.