„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქვეყანაში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის და დელეგაციის სხვა წევრების შემოშვების გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე მიიღეს და აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც.
„მსურს გამოვეხმაურო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის შემოშვებას და გუშინდელ მოვლენებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც. მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებლი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!“,- განაცხადა კანდელაკმა დღევანდელ ბრიფინგზე.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმირ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.
პოზნერის ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი იმ რესტორანთან მივიდნენ, სადაც ტელეწამყვანი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელის“ დატოვება. მოგვიანებით აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.
ვლადიმირ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და ქვეყანა გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა, ასევე, სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.