„ჩვენი ხედვაა, რომ რეგიონი ახალი შესაძლებლობების ადგილად გარდავქმნათ“ | ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში

პუბლიკა

საქართველოში ვიზიტით იმყოფება სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ღარიბაშვილმა ფაშინიანს 20 ივნისს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ პრემიერის ახალი ხედვა ორიენტირებულია განვითარებასა და კეთილდღეობაზე, რაც არამარტო სომეხი ხალხის, არამედ მთლიანად რეგიონის ინტერესებშიცაა.

„შესაბამისად, ჩვენს ამ საერთო რეგიონალურ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი: ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ სამივე ქვეყანას, რეგიონის ქვეყნებს გვაერთიანებს.

საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე.

ჩვენ ეს რამდენიმე თვის წინ საქმით დავამტკიცეთ, როცა მოგვეცა საშუალება ჩემი მედიაციით, ბატონი პრემიერის უშუალო მონდომებითა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ სამმა ქვეყანამ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც შეეხებოდა სომეხი ტყვეების სახლში დაბრუნებასა და აზერბაიჯანისთვის რუკების გადაცემას.

ეს წარმატებული პრეცედენტი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. ასე რომ, მე მინდა ბატონ პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურო სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს მედიაციის როლი ნდობის აღსადგენად.

ნდობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის საფუძველი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის; ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი იდეები თანამშრომლობისთვის, ახალი პროექტები.

ჩვენ ასევე განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას. მათ შორის განვიხილეთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც უკავშირდება ტურიზმს, ენერგეტიკას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი, რომელშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი კონფლიქტი მოხდა მშვიდობისა და თანამშრომლობის ადგილად იქცეს.

„რეგიონში, სადაც მოხდა არაერთი კონფლიქტი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტები, ჩვენი საერთო ხედვა უნდა იყოს, რომ ეს რეგიონი გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კონფლიქტების შესახებ საუბრით დაიწყო თავისი სიტყვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმაც. მისი თქმით, რეგიონში არსებული კონფლიქტების მიუხედავად არსებობს შესაძლებლობებიც, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ და ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც პარალელურად არსებობს. ვფიქრობთ, რომ ამ შესაძლებლობების მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას.

კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას ბატონ ღარიბაშვილს ივნისში 15 სომეხი ტყვის განთავისუფლებაში გაწეული მხარდაჭერისთვის. იმ დღეებში მე ყოველდღიურად ათობით ზარი მქონდა საქართველოს პრემიერთან და ვამბობდი, რომ უფრო ხშირად მას ველაპარაკებოდი, ვიდრე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩემს ამომრჩეველს, მნიშვნელოვანი იყო იმ დღეებში ჩვენი პირადი ურთიერთობის ახალი დონის ჩამოყალიბება.

მაშინ ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია, რომ ჩვენი ქვეყნებისა და მთავრობის ურთიერთობები უფრო შედეგიანი იყოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლო მომავალში სომხეთში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ისევ გავააქტიურებთ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ღარიბაშვილთან ერთად განიხილავს, რის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს, რომ ხელი შეუწყონ შესაძლებლობების ათვისებას, მათ შორის სატრანზიტო კუთხით და მზაობას გამოთქვამს, რომ გაგრძელდეს თანამშრომლობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაშიც.

ფაშინიანის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არის დიდი სომხური დიასპორა და იმედი აქვს, რომ საქართველოში მცხოვრები სომხები, როგორც საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები მნიშვნელოვანი აქტორები იქნებიან საქართველოს ერთიანობის შენარჩუნების საკითხში.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის პრემიერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება.

ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას კი მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ესწრებოდნენ ორივე ქვეყნის მთავრობის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სერენ პაპიკიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, სომხეთს რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი.

ხოლო, საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.