„ჩვენი კოალიციის მიმართ სუსი ძალიან გააქტიურდა" - კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის"

პუბლიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” საარჩევნო შტაბის უფროსმა დავით გამყრელიძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომელიც მათი წევრების მიერ კოალიციის დატოვებას ეხებოდა.

„არჩევნებამდე დარჩენილია ზუსტად ერთი კვირა და ბოლო დღეებში ხელისუფლება, “სუსი” ძალიან გააქტიურდა ჩვენი კოალიციის მიმართ. ალბათ ყველამ იხილა ის ქსენოფობიური განცხადებები და თავდასხმები მამუკა ხაზარაძის მისამართით, ბრალდებები და შეურაცხყოფები, რომლებიც ისმის ჩვენი კოალიციის ლიდერების მისამართით თითქოს რაიმე კავშირი არსებობდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებთან.

გუშინ და დღეს ვიხილეთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოალიციის წარდგენილი სიის ორი წევრი უცებ იღებს გადაწყვეტილებას და გადის კოალიციიდან, პროტესტს აცხადებს და ა.შ მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა “სუსს” იმისთვის, რომ ის სუსტი რგოლები, ის ადამიანები, რომლებიც 5000 ლარად იყიდებიან, რომლებიც დაშინებას ექვემდებარებიან, ამ ადამიანების გამოვლენაში ასე გვეხმარება და დიახ, ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ადამიანები კოალიციაში იმიტომ, რომ ჩვენ ვემზადებით ერთ კვირაში ხელისუფლებაში მოსასვლელად, ჩვენ ვემზადებით ამ ხელისუფლების შესაცვლელად, ჩვენ ვემზადებით ამ სახელმწიფოს რუსული ჭაობიდან ამოსაყვანად და ევროპულ სივრცეში დასაბრუნებლად და ასეთი სუსტი ადამიანები, ჩანერგილი ადამიანები ჩვენ არ გვჭირდება!

ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა “სუსს” და ხელისუფლებას, რომ გვეხმარებიან ამ სუსტი რგოლების გამოვლენაში. თუ კიდევ არის ვინმე, გთხოვთ, დროულად გვაცნობოთ, ათქმევინოთ, ფული გადაუხადოთ, რომ ჩვენ გასუფთავებული სიით და შემადგენლობით მივიდეთ 26 ოქტომბრამდე”. – განაცხდა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში  კოალიციის წარდგენილი სიის ორმა წევრმა განაცხადა, რომ ემიჯნებიან თავიანთ ამჟამინდელ პოლიტიკურ კოალიციას.