ჩვენი მოძრაობა აფართოებს ბრძოლის არეალს... არ ლოკალიზდება მხოლოდ ნამახვანზე - გოლეთიანი

პუბლიკა

დღეს სოფელ გუმათში მოძრაობის ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრებმა კარვები აიღეს და შემაჯამებელი აქცია გამართეს.

როგორც აქციაზე შემაჯამებელ გამოსვლაში მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათ ცაგერისა და წყალტუბოს მერიაში შეიტანეს განცხადება ლეჩხუმის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის მოთხოვნაზე.

გოლეთიანი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ჰესის მშენებლობის გამო გზა არ კეთდებოდა. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა, რომელიც უგზოობას ახლავს თან, ისაა, რომ ხეობა მოსახლეობისგან იცლება.

„ამ პროცესმა, უგზოობამ, 40 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ გამოკეტა სრული უმრავლესობა სახლების რიონის ხეობაში. როცა ვლაპარაკობთ განვითარებაზე, როცა ვლაპარაკობთ მიწის დაცვაზე თუნდაც, როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკის განვითარებაზე ყველაფერი ებმის არსებითად სოფელს…

სოფელი, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის გარანტი, ზოგადად ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება, ეს ხელშეწყობა პირველ რიგში უნდა მოდიოდეს მასზე და უმთავრესი არის კომუნიკაციების არსებობდა, გზა, რომ პირველ რიგში ეს ხალხი არ წამოვიდეს იქიდან და თუ წამოვა იმ შემთხვევაში შეეძლოს მაინც იქ ასვლა, დღეს ეს შეუძლებელია..

ჩვენი მოძრაობა ახლა აფართოებს ბრძოლის არეალს, არ გეგონოთ რომ ჰესიდან გადავდივართ გზაზე, უბრალოდ ერთ-ერთი კომპონენტია ეს გზა, ამიტომ შევიტანეთ ეს წერილები მერიაში, ველოდებით ამაზე კონკრეტულ პასუხს და შემდეგ რა რეაგირებაც გვექნება გაგაცნობთ“,- უთხრა მან აქციაზე შეკრებილებს.

თავის შემაჯამებელ სიტყვაში ის ასევე შეეხო ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხს და თქვა, რომ „რიონის ხეობის მაგალითზე, ყოველდღიურად აწყდებიან არამიზნობრივ, კონკრეტული სუბიექტების გამდიდრებისათვის წარმართულ პროცესს.“

„რაც შეეხება უფრო ფართოდ, აქ აღინიშნა ეროვნულ სიმდიდრეებთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც ჩვენი საზოგადოების ყურადღება არ არის ხოლმე ხშირად გამახვილებული, ჩემი და სხვების გამოსვლა ამას ეძღვნებოდა რომ ვფოკუსირდეთ,  როგორც უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ბუნებრივ რესურსებს ვგულისხმობ, რაც არის ხალხის საკუთრება და უნდა ხმარდებოდეს თავის მხრივ ხალხს და  ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში რიონის ხეობის მაგალითზე ვაწყდებით არამიზნობრივ და კონკრეტული სუბიექტების გამდიდრებისთვის [რესურსების] განკარგვის პროცესს.

ბოლო შემთხვევა, არის რაჭის 104 000 ჰექტარი, ლეჩხუმთან დაკავშირებით როცა ვამბობდით 605 ჰექტარი არის გადაცემული კომპანია „ენკაზე”, კომპანია კი გავიდა, მაგრამ ზუსტად რა ფორმით დაბრუნდება ეს, ბრძოლის შედეგად გამოსარკვევია – როგორ მოხდება ეს პროცესი და ამიტომაც ვერ გავჩერდებით ამ მიმართულებით…“.

მისივე თქმით, რაჭის მაგალითზე, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყოს, რომ მათი მიწა გასხვისებული იყო. დღეს კი როცა საჯარო ინფორმაციას ითხოვენ თუ როგორ გასხვისდა მიწა, ეკონომიკის სამინისტრო უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, როცა ეს კანონმდებლობით ევალება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემა, რომელიც ასე განკარგავს, ასე განსაზღვრავს ამ პროცესს როგორც არის…. იძულებული ვართ, რომ ამაზე ვიზრუნოთ, ეს პოლიტელიტა თუ ჯგუფი, რომელიც თან თითქოს არის მოსახლეობის არჩევანი, რომ ესენი უნდა მართავდნენ. არასახელმწიფოებრივად განკარგავენ მთელ ამ სახალხო სარგებლებს და ამის გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება, თუ ეს არ დაუბრუნდა ხალხს უბრალოდ წარმოუდგენელია, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის, ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც ეკუთვნის ხალხს…

„რაც შეეხება რაჭის ამ ტერიტრიის გადაცემის საკითხს, ამას აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას რამდენადაც შეგვიძლია და ჩვენი ბრძოლა არ ლოკალიზდება მხოლოდ ნამახვანზე და თუ ვამბობთ, რომ მიწა არ უნდა იყიდებოდეს და უნდა ხმარდებოდეს ხალხს, სწორად უნდა განიკარგებოდეს და მერე ხმარდებოდეს ხალხს, ამ მიმართულებით, რა პრობლემაც დგება, ყველა ჩვენი პრობლემაა“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი საერთო სახალხო პრობლემაა, რომელსაც სჭირდება მათი დარაზმვა. გოლეთიანი ამბობს, რომ დღევანდელი ტრიბუნიდან უფრო კონკრეტულად გეგმებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

„ეს საკითხები ახლა რაც დღის წესრიგში დგება, ზოგადად ჩვენ ამ მოცემულობით, ამ ტრიბუნიდან სამოქმედო გეგმის გაჟღერება ამასთან დაკავშირებით არ შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ამიტომაც არ გვრჩება არჩევანი, რომ არ გავაგრძელოთ ბრძოლა, თუნდაც ამ გამოვლენისთვის, რომ მოვითხოვოთ, ზუსტად გავიგოთ რა ხდება და ამის შემდეგ გვქონდეს შესაბამისი რეაგირებაა, უნდა ვიყოთ ყველა ერთად ფხიზელი, ჩვენ მარტო ამ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ თუ მასში ყველას ჩართულობა არ იქნება”, – აღნიშნა გოლეთიანმა.