დღეს, 7 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა. მან ყურადღება გაამახვილა წამლების სიძვირეზე და აღნიშნა, რომ ფარმაცევტული სექტორი და სამინისტრო ერთი წლით მაინც უნდა შეთანხმდეს მედიკამენტების ფასზე, რათა ყოველთვიურად არ მოუწიოთ ფასზე ვაჭრობა.
„არ მომერიდება და აუცილებლად ვიტყვი, რომ სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები, გარკვეულწილად იქცა მძევლად ამ ფასების და აქ მნიშვნელოვანი არის ცოტა უფრო მეტი და ალბათ შეიძლება მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაც. უბრალოდ ეს გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მტკივნეული რამდენიმე ერთეულისთვის, მაგრამ იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში, რომელსაც მე აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება მხარს დამიჭერს. ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა, ეს არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, იმისათვის, რომ აღდგეს სამართლიანობა და ადამიანს, რომელსაც წამალი სჭირდება, რომლის ღირებულებასაც სამინისტრო და სახელმწიფო ფარავს და რომწლთან მიმართებითაც დიდია საკმაოდ ბიუჯეტი, ერთხელ და სამუდამოდ ერთი წლით მაინც მოხდეს ფასის შეთანხმება და ყოველთვიურად ვაჭრობა არ გაიმართოს ფარმაცევტულ სექტორსა და სამინისტროს შორის“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრს პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს GMP/GDP სტანდარტის ამოქმედების გადავადებაზე, რასაც რამდენიმე ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმო ითხოვს. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. იმისათვის, რომ კომპანიამ GMP და GDP მიიღოს, საჭიროა გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. მათ შორის დაცული უნდა იყოს მედიკამენტების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები და ა.შ. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა კომპანიებისთვის სავალდებულო 2022 წლიდან გახდება.
„GMP სტანდარტი არ გადავადდება, ვინაიდან ეს სტანდარტები ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია მედიას მოგაწოდოთ იმ დაწესებულების დასურათებული ვერსიები, რომლებიც ითხოვენ GMP სტანდარტს და ვფიქრობ, რომ ეს არის სირცხვილი, რომ დღეს საქართველოში მსგავსი საწარმოები არსებობს და ეს არის ასევე დანაშაული, რომ ჩვენ მათ უფლებას ვაძლევთ, რომ იქ ნაწარმოები მედიკამენტები შედის სააფთიაქო ქსელებში და გამოიყენებენ ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია, მოხდება მედიკამენტების ფასწარმოქმნის სისტემის სრულყოფა და დაინერგება მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მექანიზმები.