ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა იმყოფება საქართველოში - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.

„მნიშვნელოვანი თემაა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა. ასეთი რაღაც დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ. იყო რაღაც თემები,  თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ ეს მოხდება, ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, რამდენიმე ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად, ყველაზე მეტად ვისაც უნდა მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. რატომღაც შეიძლება ჰგონია ხალხს, რომ ჩვენ არ გვინდა, ან ხელს ვუწყობთ, ვმალავთ.

ვმუშაობთ ამ თემაზე და იმყოფება საქართველოში. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა, იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს“, – განაცხადა მინისტრმა.

21 ოქტომბერს,  დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი მოითხოვა. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან, სამხარეო პოლიციის უფროსსა და თანხასთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ის ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუაა. ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.