ჩვენი პოზიცია იგივეა, „ლელო“ მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება - ბუაძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, საბა ბუაძის თქმით, „ლელოს“ პოზიცია იგივე რჩება და არ აპირებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას თუ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში ხელისუფლებას ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.

„ჩვენი პოზიცია იგივეა. ჩვენ დღეს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება მოთხოვნით, გამოიძიონ შოკისმომგვრელი ძალადობის ეპიზოდები. ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქვს ღარიბაშვილთან მიმართებაში და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ღარიბაშვილს და ასეთ საშიშ კრიმინალურ ეპიზოდებში შესაძლოდ გარეულ ადამიანებს ნუ აქცევენ მოლაპარაკებისთვის საფრთხის შემცველ ფაქტორად და განხეთქილების ვაშლად. „ლელოს“ პოზიცია რჩება იგივე, ჩვენ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, არ მოხდეს ისე, რომ ღარიბაშვილის ფაქტორით, რომელიც ამ მოლაპარაკებებში ისედაც არ მონაწილეობდა, საფრთხე შეექმნას მოლაპარაკებებს.

მიგვაჩნია, რომ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მივმართეთ განცხადებით. ვიდრე არ დადგინდება ამ საკითხზე ჭეშმარიტება, მნიშვნელოვანია, ღარიბაშვილი გაიწიოს დაკავებული თანამდებობიდან და არ შეუქმნას საფრთხე გამოძიებას. ღარიბაშვილი არ უნდა გადაიქცეს მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძვლად. „ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება. მოლაპარაკებები აქამდე მიმდინარეობდა ღარიბაშვილის გარეშე და ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას საფრთხე არ შეუქმნან პროცესს. – განაცხადა საბა ბუაძემ.