„ჩვენი ქვეყნები დემოკრატიის გამოცდისთვის ემზადებიან" — სანდუ ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

პუბლიკა

ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან მოლდოვაც და საქართველოც დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ სწრაფვაში

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან ერთად, ტარდება რეფერენდუმი – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა, რომ მოლდოვა ევროკავშირს შეუერთდეს და მასთან უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს.

კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ. მისი მთავარი კონკურენტი ყოფილი მთავარი პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლოა, თუმცა, მაია სანდუ მას, წინასწარი მონაცემებით, 25%-ით უსწრებს.

თუ პირველ ტურში 50%-ზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ აიღებს, პირველ და მეორე ადგილზე გასულთა შორის მეორე ტური გაიმართება.

მოლდოვა ევროკავშირის წევრ რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარეობს. ათეულობით წლის განმავლობაში მოლდოვა რუსეთის გავლენის ქვეშ იყო, რაც 2020 წლის არჩევნებზე შეიცვალა, როცა პრორუსი იგორ დოდონი მაია სანდუმ შეცვალა.

თუმცა პრორუსული ძალები კვლავ ცდილობენ, ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნონ.

2024 წლის 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზე მოლდოვა კიდევ ერთხელ გადაწყვეტს, რომელი მიმართულებით სურს, რომ იაროს.