„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებთ, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში. რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარდოთ დიდ წვეულებებს, შეიძლება ჩვენთვის ჩვეულ დიდ წვეულებებს, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაცია და მნიშვნელოვანია ამ მონაცემების შენარჩუნებაზე ზრუნვა.
„მოგეხსენებათ, დღეს მე-20 დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შესახებ ქვეყანაში, დღეს შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ციფრები მიუხედავად ტესტირების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების რაოდენობა შედარებით სტაბილურია. უფრო მეტიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რამეთუ ეს არის პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როცა ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც მოვახერხეთ…
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გარდამავალი მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, შევინარჩუნოთ და „გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მატარებლებს”.