ჩვენი სამრევლოს წევრი დასისხლიანებამდე სცემეს. მივიღეთ მუქარა, რომ დაგვარბევენ - ანგლიკანური ეკლესია

პუბლიკა

საქართველოს ეპისკოპალური/ანგლიკანური თემი აცხადებს, რომ მათი სამრევლოს წევრი „დასისხლიანებამდე სცემეს“. მათივე ცნობით, მიიღეს მუქარის მესიჯები, რომ ეკლესიას დაარბევენ.

„შეგვზარა დღეს მომხდარმა ძალადობამ, სამოქალაქო სიძულვილმა და უკონტროლობამ. განსაკუთრებით შემაძრწუნებელი იყო მთავრობის მხრიდან უმოქმედობა, რომ აღეკვეთათ ძალადობრივი ჯგუფების აგრესია და ხელი შეეწყოთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რათა გამოეყენებინათ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

დღევანდელი დღის სიმწარე ჩვენი სამრევლოს ერთგულმა და აქტიურმა წევრმაც გამოსცადა, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ მღვდლის თანხლებმა ბრბომ დასისხლიანებამდე სცემა. ორმაგად დიდი საშიშროება ელის ჩვენს ეკლესიას, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ეკლესია საქართველოში, რომელიც ჯვრისწერის წესსაც კი აღასრულებს ერთნაირსქესიან წყვილებზე. ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება, რადგან უკვე მივიღეთ მუქარის მესიჯები რომ დაგვარბევენ. ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და მშვიდობისათვის!“, – ნათქვამია ანგლიკანური ეკლესიის განცხადებაში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც. დაკავებულია 8 პირი ადმინისტრაციული წესით.

5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ისე, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.