ჩვენი სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელის მანქანა დააზიანეს - „ლელო“

პუბლიკა

„ლელო საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათი პარტიის სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელის გივი ჯულაყიძის მანქანა დააზიანეს, რასაც პარტიაში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

როგორც „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე აცხადებს, „ლელოს“ წევრის ავტომობილის დაზიანება მმართველი გუნდის მიერ მისი დაშინების მცდელობაა. მისივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

„სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელს დილით მანქანის საქარე მინა ჩამსხვრეული დახვდა. ადგილზე მისულებმა გამოვიძახეთ საპატრულო ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები. ვიყავით დაკითხვაზე, სადაც ჯულაყიძემ მისცა ჩვენება და ახლა ველოდებით გამოძიების დასრულებას. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ პოლიტიკურ საქმიანობას და არის დაშინების მცდელობა. დროა, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მსგავსი ხერხებით ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა“- აცხადებს თორნიკე ართქმელაძე.