ჩვენი სანქციები რუსეთისთვის პრაქტიკულად ნულოვანი იქნებოდა, საქართველოსთვის კი - ძალიან მძიმე - კობახიძე

პუბლიკა

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმაურება.

საქართველოს გმირების გახსენების შემდეგ კობახიძე წერს, რომ ეს დღე იმასაც გვახსენებს, რომ ქვეყანას ჰყავდა მოღალატეებიც და ასეთი მოღალატეები დღესაც მრავლად ახვევია თავს.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ჩაატარეს ალტერნატიული არაფორმალური არჩევნები, 2007 წელს აღადგინეს 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, კოდორის ხეობას უწოდეს ზემო აფხაზეთი, დააანონსეს ცხინვალის რეგიონში სამხედრო გზით კონსტიტუციური წესრიგის დამყარება, ყველა ამ ნაბიჯით რუსეთს შეუმზადეს ნიადაგი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სრული ოკუპაციისთვის, რის შემდეგაც, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებასა და კასეტური იარაღით დაბომბვაში დაადანაშაულეს“, – წერს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე წერს, რომ იგივე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში 2008 წლის მოვლენები განმეორდეს.

„სწორედ ამისთვის ითხოვენ ისინი სამხედრო მოქმედებებში საქართველოს ჩართვას. სწორედ ამისთვის ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, როცა თავადვე იციან, რომ ამ სანქციების თუნდაც ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის პრაქტიკულად ნულოვანი იქნება, საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის კი – ძალიან მძიმე. სწორედ ამიტომ გვთავაზობენ ყოველდღიურად ახალ პროვოკაციებს, რომელთა ნამდვილი მიზანი არა ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამაგრება ან უკრაინის დახმარება, არამედ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მოტანაა.

მათ უნდა იკმარონ ის ზიანი, რომელიც ქვეყანას მოუტანეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა ვაწარმოოთ რაციონალური პოლიტიკა და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ“, – წერს კობახიძე.

მისი თქმით, ირაციონალიზმმა და ჭარბმა თუ ყალბმა ემოციებმა საქართველოს 4 ომი მოუტანა, რამაც მემკვიდრეობით დაგვიტოვა ოკუპაცია, სუსტი ეკონომიკა, ემიგრაცია, სიღარიბე და სხვა პრობლემები.

„ჩვენი დროის ორჯონიკიძეებს ვერ მივცემთ ქვეყნის მძიმე წარსულში, ჩაკეტილ წრეზე დაბრუნების შესაძლებლობას“, – წერს კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და წერს, რომ იბრძოლებენ და იშრომებენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

„ვიბრძოლებთ, ვიშრომებთ საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, საქართველოში 1921, 1991-93 და 2008 წლების არგანმეორებისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და შენარჩუნება არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საქართველოსთვის თავდადებული ჩვენი გმირების წინაშე“, – წერს კობახიძე.

საქართველოს მთავრობის პოზიციას, არ შეუერთდეს სანქციებს და არ ჩავიდეს კიევში, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს.