ჩვენი საუბრის დროს შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას სჭირდება დიალოგი - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი. როგორც არასოდეს, ეს მნიშვნელოვანი არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭირო არის, რომ ის, რაც იყო და არის საქართველო, ანუ სტაბილურობის, დემოკრატიის კუნძული, კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ანუ ევროკავშირს, როგორც საქართველოს სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ერთად ვიმუშავოთ.

ჩვენი საუბრის დროს და როგორც შეამჩნიეთ, გაგრძელდა ეს საუბარი და ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი – ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე და ჩვენ უნდა შევძლოთ და უნდა დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია და ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შეასრულოს და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო, რომელიც საზოგადოებისგან მოთხოვნილი გზაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში გუშინ, 28 თებერვალს ჩამოფრინდა.

დღესვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.