მაღაზიათა ქსელის „ნავნეს“ განცხადებით, გუშინ ღამით მათი საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ცნობით, აღნიშნული თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება. ამ დროისათვის მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, „ნავნე“ გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ნავნეს“ არცერთი ფილიალის თანამშრომელი არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს“, – ნათქვამია განცხადებაში.
3 სექტემბრისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემები ამგვარია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1568;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 1279;
- გარდაიცვალა – 19;
- კარანტინის რეჟიმში – 6250;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.