ჩვენი შვილების გულწრფელ ბრძოლას არავინ უნდა უყუროს გულხელდაკრეფილმა - ხაზარაძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი და ლიდერი მამუკა ხაზარაძე  წერს, რომ რაც ხდება ეს არის საბჭოთა კავშირში და ოკუპანტის წიაღში დაბრუნება.

„ჩვენი შვილების გულწრფელ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვს არავინ არ უნდა უყუროს გულხელდაკრეფილმა! დღეს ამ ბრძოლის წაგება იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული მარცხი და ათწლეულებით უკან გადაგდება!

ეს არის საბჭოთა კავშირში და ოკუპანტის წიაღში სრული დაბრუნება. ეს ბრძოლა არის საერთო-სახალხო და ეროვნული, რადგან ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მომავალს!

ქართული ოცნება ცდილობს პასუხისმგებლობა ნებისმიერ მის მიერ მოწყობილ, ან პროვოცირებულ არეულობაზე დააკისროს მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს.

ამიტომ მოგიწოდებთ დავიწყოთ საერთო- სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სოფელში, ქალაქში გამოვაცხადოთ ბოიკოტი, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო სამსახურებში, ყველგან გარდა იმ უწყებებისა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის.

მხოლოდ ასეთი ერთობა და სულისკვეთება მიგვიყვანს საერთო ეროვნულ გამარჯვებამდე! მოთხოვნა ერთია, ქართულმა ოცნებამ გამოიტანოს მიღებული კანონი უკან. ეს ბრძოლა არაა მხოლოდ ჩვენი შვილების, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, “- წერს ის.

მეორე დღეა თბილისში რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. სპეცრაზმი აქციებს ძალის გამოყენებით შლის, აკავებენ ათობით ადამიანს, იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს. მოქალაქეები პროტესტს არ წყვეტენ.