„ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ნამდვილად ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი… ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს. ასე რომ, შეგვიძლია სწორად მოვიქცეთ ყველანი“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას – იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, როგორც პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის სიცოცხლეზე.
„მე ბევრი მოვისმინე, რომ ბატონი სააკაშვილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო?
მე არ ვარ ექიმი, ბატონი რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ, ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება“, – განაცხადა პრემიერმა.
სახალხო დამცველთან შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა, რომლებმაც 4 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულეს, 6 დეკემბერს დასკვნა წარმოადგინეს.
ბრიფინგზე ისაუბრა ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ და აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს.
„მდგომარეობის გაუარესება გამოიხატება წონის კლებაში, კოგნიტიური ფუნქციების გაუარესებაში. გამოიხატა კუნთების განლევა, ასევე, სისუსტე, პაციენტი ვერ დგება ან დახმარებით დგება, უჭირს კონტაქტში შემოსვლა. აქვს ცხელება, ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე ამ შიმშილობისა, რომელიც არის კახექსია. ეს არის ინფლამატორული პროცესის საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება. ამას ჰქვია ჰიპერკატაბოლიზმი. მდგომარეობის მკვეთრი დამძიმებაა მოსალოდნელი, ის ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს”, – განაცხადა მან.