„ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ ქართული სპორტის მუზეუმი“ - თეა წულუკიანი

პუბლიკა

„ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მის მუზეუმს ჰქონდეს შესაბამისი საექსპოზიციო სივრცე“, – განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თეა წულუკიანი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ყოფილი სპორტის მუზეუმის კუთვნილი ფონდების დასათვალიერებლად იმყოფებოდა. მან ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და მუზეუმის ფონდების მდგომარეობას გაეცნო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

მინისტრის განცხადებით, ყველა ექსპონატი სათანადოდ მოვლილი და შენახულია, რაც ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მუზეუმის ექსპონატები ფონდებში კი არ ინახებოდეს, არამედ იყოს გამოფენილი.


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2020 წლის 19 აპრილის ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთი არის სწორედ სპორტის მუზეუმი.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმის მმართველი ორგანო გახდა ამ მუზეუმთა/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორთა 4-კაციანი საბჭო.

დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი უწევს, თუმცა ზემოხსენებული 4 მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფონდების, კოლექციებისა და საკადრო რესურსის მართვა დამოუკიდებლად შეუძლიათ.