საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში „კონკრეტული ხელშესახები შედეგები” უნდა არსებობდეს.
კერძოდ, ის საუბრობს, უვიზო მიმოსვლასა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე და აცხადებს, რომ „იმედი აქვს, ამ მხრივ პროგრესს იხილავს”.
„ჩვენი სურვილია, პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები? ამაზე არაერთხელ გვისაუბრია – ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი; ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს; ეს არის პირდაპირი ავიარეისები.
ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით”, – განაცხადა მან.