ჩვენი თვალით ვხედავთ, თუ რა მძიმე ყოფაში არიან ჩვენი მშობლები, მეზობლები – სალამი

პუბლიკა

სამოქალაქო პლატფორმა „სალამი“ მარნეულის სოფლებში მიმდინარე პროტესტზე განცხადებას ავრცელებს. პლატფორმა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა შექმნეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაკეტილ ზონებში მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისი აუტანელ ტვირთად აწვება მოსახლეობას იმ ფენას, რომელთა მძიმე შრომა მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

„სალამის“ წევრები წერენ, რომ 22 აპრილის პროტესტი თვითორგანიზებული იყო და მოსახლეობა შეიკრიბა, რათა თავიანთი წუხილი დანარჩენ საქართველოსთვის გაეზიარებინათ.

„ჩვენ, „სალამში“ გაერთიანებული ახალგაზრდები, თავად ვართ მარნეულის სხვადასხვა სოფლიდან და ჩვენი თვალით ვხედავთ, თუ რა მძიმე ყოფაში არიან ჩვენი მშობლები, მეზობლები და ნათესავები.“

განცხადებაში წერია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსი საკმარისი არა და სამართლიანად არ ხმარდება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

განცხადების ავტორები ეჭვობენ, რომ არსებული ვითარებით ისარგებლებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა და ეცდებიან იმგვარად წარმოაჩინონ, თითქოს მოსახლეობაში რეალური პრობლემები არ არის.

„სალამში გვესმის, რომ ასეთ სიტუაციაში რომელიმე პოლიტიკოსის სახელის სკანდირება მოსახლეობის მხრიდან იყო არასწორი. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ მთავრობის მხრიდან ამ ეტაპზე ყველაზე სწორი პოლიტიკა იქნება, თუ ის ამ ფაქტს საერთოდ დააიგნორებს და შეუდგება მოსახლეობის იმ საჭიროებებისა და წუხილების მოგვარებას, რამაც ეს ხალხი გამოიყვანა ქუჩაში.“  – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „სალამი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

დაამყაროს ავთენტური, ნდობაზე დაფუძნებული და კოლექტიურ სიკეთეზე ორიეტირებული კავშირები მოსახლეობასთან

განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლოს შექმნილი ვითარება და დაიწყოს სირღმისეული პრობლემების მოძიება და აღმოჩენა

დროულად შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკის სტრატეგია ჩაკეტილი მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის

უარი თქვას დღევანდელი მოვლენების დროს იდენტიფიცირებული ადამიანების დასჯაზე

აღიაროს, რომ შიშველ კონკტროლზე დაფუძნებული მართვის მექანიზმები, არც აქამდე არ მუშაობდა და მით უმეტეს, არც კრიზისის პირობებში მუშაობს.

იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებაზე მათვის გასაგებ ენაზე

გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები გააპროტესტა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ზაურ დარგალის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში პროდუქტის რეალიზაციისთვის დისტრიბუტორი კომპანიის მანქანები შევიდნენ.