ჩვენი უარი უსინდისოდ გამდიდრებული კაცის აგენტების კანონს! - მოძრაობა „ხმა“

პუბლიკა

„კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ იმუშავებს თქვენი ინტერესების წინააღმდეგ და ეს დღე შორს არ არის. კანონპროექტი მიზანში იღებს ყველა არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებს“,- ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობა „ხმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს ისეთი სტატუსია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ, ხშირად, ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ გაერთიანებებს: პროფესიულ კავშირებს და ორგანიზაციებს, რომლებიც მშრომელთა ინტერესებისთვის და ბუნებრივი რესურსებისთვის არნახულად მტრულ გარემოში იბრძვიან და რომელთა ორგანიზებულ გაფიცვებსა და საპროტესტო დემონსტრაციებს მთავრობა, ოპოზიცია და მესაკუთრეთა კლასი ერთ ხმაში უპირისპირდება, როგორი დაპირისპირებულებიც არ უნდა ჩანდნენ პარლამენტსა თუ ტელევიზორში; არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ნაწილს დიდი წვლილი მიუძღვის იმ რადიკალური ნეოლიბერალური ეკონომიკური წესრიგის შენარჩუნებაში და განმტკიცებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ხალხი სულ ღაფავს; ასოციაციებს, სათემო ფონდებს, კვლევით ორგანიზაციებს, ადამიანთა გაერთიანებებს, რომლებსაც საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვა უნდათ – გარემოს დასაცავად, დემოკრატიისთვის, უკანონობის და მდიდრების თავგასულობის წინააღმდეგ“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ არასამეწარმეო იურიდილი პირი – ეს სტატუსი – ორგანიზების ლამის ერთადერთი იურიდიულ ფორმაა.

„იმიტომ, რომ სხვა გზით ადამიანებს გაუჭირდებათ მოიპოვონ რესურსები იმისთვის, რომ გადაადგილდნენ, კამერა იყიდონ, ინფორმაცია თქვენამდე მოიტანონ. ჩვენ გაუბედურებულ ეკონომიკურ ცხოვრებას, რომელიც აგენტურულმა ხელისუფლებებმა შექმნეს, ადამიანების ნორმალური დასაქმების თავი არ აქვს. ამ პირობებში უცხოური ფონდების დაფინანსების მოპოვება შემოსავლის ერთადერთი წყარო და ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი ფორმაც შეიძლება იყოს.

კანონი აგენტად გამოაცხადებს პარტიული გავლენებისგან თავისუფალ რამდენიმე მცირე ზომის ინტერნეტ და რეგიონულ მედია ორგანიზაციებსაც, რომლებმაც უკვე გაავრცელეს საჯარო მიმართვა, რომ არ დაემორჩილებიან ამ კანონს, არ დათანხმდებიან, იმუშაონ ღირსების შემლახავი აგენტის იარლიყით, რაც, საბოლოოდ, მათ გაქრობას გამოიწვევს.

შედეგად მივიღებთ სახალხო ინტერესებისთვის საბოლოოდ ჩაკეტილ საინფორმაციო სივრცეს, სადაც ასპარეზი რჩება მხოლოდ რამდენიმე მდიდარი ადამიანის მიერ დაფინანსებული პარტიების კარნავალური დაპირისპირებისთვის, უშინაარსო და პოლიტიკური ნიჰილიზმის გამღვივებელი ცირკისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ მოძრაობა მალე შეიძლება გახდეს „მსგავსი იარლიყის სამიზნე.“

„ასე მოხდა რუსეთში, როცა სოციალურად აქტიურ კოლექტივებს და ადამიანებს, რომლებიც სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვიან, აგენტის იარლიყი მიაკერეს იმის მიუხედავადაც, რომ არცერთ უცხოურ დაფინანსებას არ იღებდნენ – უბრალოდ იმიტომ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდნენ მშრომელებისთვის, გავალიანებულებისთვის, უსახლკაროებისთვის და მათი სახელით. აქ იგივეს უნდა ველოდოთ. ამას მხოლოდ მცირე შესწორება დაჭირდება კანონში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ უამრავ მაგალითს შორის შეგვიძლია გავიხსენოთ ორი შემთხვევა, როცა ქართული ოცნებამ თავად იმოქმედა, როგორც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტმა. პირველია ნამახვანჰესის მშენებლობა, როცა ხელისუფლება ცდილობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშლილი წინააღმდეგობის მიუხედავად, აემოქმედებინა კაბალური და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ხელშეკრულება თურქული კომპანიის სასარგებლოდ. მეორეა საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის საყდრისის ოქროს მაღაროს აფეთქება რუსული კომპანია არემჯი გოლდის სასარგებლოდ, როცა ხელისუფლების მხარდაჭერით რუსულ კომპანიას უპრობლემოდ გააგრძელებინეს ოქროს მოპოვება, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ეკოლოგიური კატასტროფის და ამით გამოწვეული განადგურებული ჯანმრთელობის პირისპირ მარტო დატოვეს. თქვენ, ვინც ბანკების მიერ სესხების ჩამოწერას ითხოვთ, ვინც მინიმალურ ხელფასს ითხოვთ, ვისაც უფასო სასკოლო კვება გინდათ, უნდა იცოდეთ, რომ საქმე ამ ორგანიზაციებით არ დამთავრდება. არასამთავრობო ორგანიზაციის კიდევ უფრო დისკრედიტირების ვითომდა სახალხო სიხარულს როცა შემოგთავაზებენ სამთავრობო არხებიდან, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროდუქტი სულ მალე მომწამვლელი გახდება. ის ჩვენი ნამდვილი ინტერესებისთვის ბრძოლის პროცესში ხელფეხის შემკრავ ხაფანგად დაგვხვდება. ჩვენი უარი უსინდისოდ გამდიდრებული კაცის აგენტების კანონს!