ჩვენი ვალია, რომ ქართველებისა და მოლდოველების ევროპული ოცნების შესრულება შევძლოთ - სანდუ

პუბლიკა

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს გარკვეული პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ პირობები უნდა დააკმაყოფილოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, არ ცვლის მნიშვნელოვნად ასოცირებული ტრიოს ფორმატს და ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმებზე მუშაობა და ერთმანეთთან თანამშრომლობა.

„ყველა ქვეყანას თავისი პირობა აქვს შესასრულებელი. როგორც იცით, მოლდოვის რესპუბლიკას აქვს 9 პირობა შესასრულებელი, საქართველოსაც აქვს თავისი პირობები. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ინსტიტუტები ჩვენს ქვეყნებში დიდ სირთულეებს უნდა გაუმკლავდნენ… ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს.

ჩვენი მთავარი მიზნები, პრიორიტეტები, შიდა გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია რეფორმებთან, ეს იქნება სასამართლო სისტემის თუ სხვა ინსტიტუტების გაძლიერება – ეს არის პირველ რიგში ჩვენი მოვალეობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ვალდებულება ევროკავშირის ინსტიტუტებთან“, – განაცხადა მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს.

მაია სანდუს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც და მოლდოვამაც გააკეთონ ყველაფერი, რათა შეასრულონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული ოცნების შესრულება.

„ჩვენთვის, ქართველებისა და მოლდოველებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი – ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, რომ შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება, ჩვენი ხალხების ევროპული ოცნების შესრულება.

ჩვენი მომავალი გახლავთ ჩვენი ქვეყნების ევროპულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ღირებულებით სფეროში. ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა თავისუფლად განვვითარდეთ უსაფრთხოების და კეთილდღეობის ფარგლებში.

დიალოგი, ორმხრივი თანამშრომლობა, ღირებულებებისა და გამოცილებების გაზიარება გახლავთ ევროპული ინტეგრაციის ნაწილი, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყნებს, გააძლიერონ თავიანთი ევროპული კურსი. ასევე, ეს დაეხმარება მოქალაქეებს იცხოვრონ თავისუფალ სამყაროში, თავისუფალ მსოფლიოში“, – განაცხადა მაია სანდუმ.


სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მოლდოვაში დღეს დაიწყო. ის ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა, დღესვე გამართავს შეხვედრას მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.