ქართველი მეღვინეები, მცირე მარნების მფლობელები საერთო განცხადებას ავრცელებენ.
ისინი წერენ, რომ ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, შიდა დაძაბულობა ერთიანად აზარალებს როგორც მეღვინეებს, ისე ეკონომიკის თითოეულ სფეროს.
„პრობლემა იმდენად ჩვენს ჯიბეებზე ასახული ზარალი არ არის, რამდენადაც – თითოეული დარგის განვითარების შეფერხება, წლობით ნაშენები იმიჯის ჩამოშლა, ბაზრების დაკარგვა და ტურიზმის კვდომა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების ჯიბესა და კეთილდღეობაზე აისახება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მეღვინეები წერენ, რომ ეკონომიკის და საზოგადოების განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყანაში თავისუფლების ხარისხზე.
„თავისუფლება გადამწყვეტია ყველა ასპექტში – როგორც მორალური და ფილოსოფიური პრინციპი და როგორც განსაკუთრებული დინამიზმის მიმცემი საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროსადმი. მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა, მშვიდობა, სოციალური კაპიტალი… არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რაც მოაქვს თავისუფლებას საზოგადოებისათვის. ქვეყნისთვის საშიში და პრინციპულად სრულიად მიუღებელია, როცა საქართველოს იმიჯი, დინამიkურად განვითარებადი, ძალიან საინტერესო დასავლური ქვეყნიდან გადაიქცევა შინააშლილობის, შეუწყნარებლობის, ქაოსის, ჩამორჩენილობის სიმბოლოდ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ჩვენი ეკონომიკის ყველა დარგს, მძიმედ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.
ამ წერილს ხელს ვაწერთ იმ იმედით, რომ საზოგადოება ნახავს სხვა ანალოგიურ გამოხმაურებებს სხვადასხვა პროფესიული წრეების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის, ვალია, სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოების საქმიანი და შემოქმედებითი ნაწილი მკვეთრად ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა, რამაც წარსულშიც მძიმე შედეგები გვაწვნია და მომავალშიც მხოლოდ ნგრევითა და სტანგაციით გვემუქრება. მიგვაჩნია, ასევე, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციით მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებები და კანონის წინაშე მკაცრად აგებინოს პასუხი ნებისმიერს, ვინც ავლენს ჰომოფობიას, შეუწყნარებლობას, ახორციელებს თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, იქნება ეს საერო პირი თუ სასულიერო წოდების წარმომადგენელი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბიზნესმენი თუ – უბრალო მოქალაქე.
ამ წერილზე ხელმოწერით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია საქართველოს განვითარება და თვითმყოფადობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლება, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფა, სამოქალაქო მშვიდობის დაცვა და განუხრელი ინტეგრაცია დასავლეთთან, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო ჩვენი ცივილიზაციური ადგილი. ჩვენ, საქართველოს მეღვინეები, საზოგადოებრივ ასპარეზზე ყოველთვის ამ პრინციპების მიხედვით მივიღებთ პირად გადაწყვეტილებებს!“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 50 მეღვინე-მეწარმე და ღვინოს ბლოგერი აწერს.