„ჩვენს ძალადობრივ მოწოდებასთან თქვენი კოლეგის დაღუპვას კავშირი არ აქვს“ - „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი გამოკითხვის შემდეგ

პუბლიკა

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები, მათ შორის, კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე, რომლებიც 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები იყვნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

„პუბლიკა“ შსს-სგან ელოდება პასუხს, თუ კონკრეტულად რომელ საქმეზე იყვნენ დაბარებულები ძალადობრივი აქციის ლიდერები.

გუშინ პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მხოლოდ კონსტანტინე მორგოშიამ, რომელმაც გარკვეულწილად აღიარა, რომ  მათი მხრიდან იყო ძალადობრივი მოწოდება, თუმცა, მისი თქმით, ამ მოწოდებას ოპერატორის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს:

„თქვენ კოლეგასთან დაკავშირებით ვიზიარებ მწუხარებას, მაგრამ ჩვენს ძალადობრივ მოწოდებასთან თქვენი კოლეგის დაღუპვას კავშირი არ აქვს.

თქვენ დაახლოებით 20 წელია, მთელი ტელევიზია ძალადობას ახორციელებთ მოსახლეობაზე. საქართველოს მოსახლეობას თქვენ რომ სძულხართ, „ალტ ინფოს“ ნუ დააბრალებთ. 50 ადამიანი როცა ჟურნალისტებს ეხება ხელით თუ ფეხით, თუ აგინებს, ხომ უნდა მიხვდე, რომ ე.ი. რაღაც პრობლემა თქვენშიც არის?!

ჩემი ვარაუდია ასეთი, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში არ არის გამორიცხული, იკვეთებოდეს რაღაცა დივერსია, ანუ მაგალითად, იგივე, თუ იყო ზედოზირება, თუ ეს დაადგინეს, არ არის გამორიცხული, რომ აი, ამ ვიგინდარებისგან არ გამიკვირდება, რაღაც ჩარევა ყოფილიყო“, – ამბობს კონსტანტინე მორგოშია.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.