ჩვენს კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა სასულიერო პირს, კოვიდინფექცია არ დადასტურდა –ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის სასულიერო პირს. ტესტის პასუხი ნეგატიურია. მას კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.

„ჩვენთან კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის მამაოს, რომელთანაც ნეგატიური პასუხი მივიღეთ და ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციით, გადაყვანილ იქნა ჩვენს სპეციალური განყოფილებაში.  სანამ ტემპერატურა აქვს ადამიანს და გამოჯანმრთელდება, გადაგვყავს სხვა განყოფილებაში და იქ განაგრძობს მკურნალობას. მას სიცხე აღარ აქვს და შესაძლოა, დღეს დატოვის კლინიკა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კლინიკაში კოვიდინფექციაზე მკურნალობას განაგრძობს 38 პაციენტი. მათგან სამს ძალიან მძიმე პნევმონია აღენიშნება.

გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა 16 ადამიანს, მათგან კოვიდინფექცია 1 შემთხვევაში დადასტურდა.  დღეს დილით ჩატარდა 5 ტესტირება, ტესტის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მეორე სასულიერო პირი დადასტურებული კოვიდინფექციით მკურნალობს ბოჭორიშვილის კლინიკაში. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი მათთან გუშინ შეიყვანეს.

„დადასტურებულია COVID-19-ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მაკა სოლოღაშვილმა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • დადასტურებული შემთხვევები – 296
  • აქედან გამოჯანმრთელებულია – 68;
  • გარდაცვლილია – 3;
  • კარანტინის რეჟიმში – 4 890;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;