ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სამართლიანობა. მაშ რაღა და ვინღაა ჩვენ წინააღდეგ? - ბუღაძე

პუბლიკა

ლაშა ბუღაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა. აქცია არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების მოთხოვნით მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა დღეს პარლამენტის პიკეტირება დააანონსეს.

„ჩვენ მოვახერხებთ და პოლიტიკურ პროცესს დავაბრუნებთ ქუჩიდან პარლამენტში  და ვაიძულებთ ამ უგვან, უგემოვნო და უსამართლო ხელისუფლებას, რომ მათ იფუნქციონირონ იმ კულტურის შესაბამისად, რომელიც ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის მერე მოიპოვა და მოიტანა აქამდე. ვაიძულებთ, რომ იყვნენ ცივილიზებულები, კულტურულები.

დღეს საზოგადოება ბევრად პასუხისმგებელიანია პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს ხელისუფლება, რომელსაც უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, ეს ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რა არის პოლიტიკური ცხოვრება. ეს ცხოვრება კი ნიშნავს ციკლურ აზროვნებას. ამ ადამიანს, როგორც პოლიტიკურად უვიცს, ვერ წარმოუდგენია წაგება. ჩვენ ვიცით ხალხის განწყობა და ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნება“ წაგებულია, მაგრამ კბილებით ეპოტინება და არ უნდა იმის აღიარება, რომ საზოგადოებას ისინი აღარ უნდა, რომ საზოგადოება განვითარებას, დინამიკას ითხოვს და ესენი უკან გვეპოტინებიან.

ნუ გვითვლით თავებს, დრონები რომ დაფრინავს აქ. ჩვენ ბევრნი ვართ, საზოგადოება, რომელსაც მობეზრდა უნიჭო ხელისუფლება. ამისაც ნუ შეგვეშინდება, რომ ვიღაცას მცირედაც მოვეჩვენოთ, დიდ ცვლილებებს ისტორიულად მცირედნი იწყებდნენ. ეროვნული მოძრაობა ორმა დაიწყო და მთელი საქართველო აჰყვა. თუ კი ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სამართლიანობა, მაშ რაღა და ვინღაა ჩვენს წინააღდეგ?” – მიმართა ლაშა ბუღაძემ აქციაზე შეკრებილებს.