ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს ორნიტოფერმაში ადგილობრივი სახეობის ფრინველების – კოლხური ხოხბის, კაკბისა და გნოლის წიწილები გამოიჩეკა.
„სააგენტო აქტიურად მუშაობს ადგილობრივი გარეული სახეობის ფრინველების, კაკბის, კოლხური ხოხბის, პორფირიონისა და გნოლის გამრავლებასა და ბუნებაში მათი პოპულაციების აღდგენაზე.
სააგენტოს გეგმაა კოლხური ხოხბის, კაკბის, გნოლისა და ხონთქრის ქათმის სადედე გუნდების გაზრდა შემდგომ მათი სტაბილური ნამატის მისაღებად, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ველურ ბუნებაში გასაშვებად, ასევე სამონადირეო მეურნეობებისთვის მისაწოდებლად“, – ამბობენ სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, ველური ბუნების სააგენტოში 2016 წლიდან მომდინარეობს ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება. გარეულ ფრინველთა ორნიტოფერმა 2017 წელს აშენდა, მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.